„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ (TI) რუსეთზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულების შესახებ ახალ კვლევას აქვეყნებს.
კვლევის მიხედვით, 2022 წელს საქართველომ რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმით და საქონლის ექსპორტით დაახლოებით $3.6 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რაც 2021 წელს ამავე წყაროებით მიღებულ შემოსავალზე 3-ჯერ მეტია. ეს მაჩვენებელი კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე, 2019 წელს რუსეთიდან მიღებულ შემოსავალსაც კი 2-ჯერ აღემატება.
„2022 წელს რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმით და საქონლის ექსპორტით მიღებული შემოსავალი საქართველოს ეკონომიკის (მშპ-ის) მიმართ 14.6% იყო, როცა 2021 წელს ეს მაჩვენებელი 6.3%-ს, ხოლო მაქსიმუმს – 9.9%-ს 2018 წელს აღწევდა. ეს ნიშნავს, რომ გასულ წლებთან შედარებით საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება გაიზარდა. ზრდა ძირითადად ფულადი გზავნილების ნახტომისებურად მატებითაა განპირობებული“, – წერს TI.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევით, 2022 წელს საქართველოს ექსპორტი რუსეთში 6.8%-ით გაიზარდა და $652 მილიონი შეადგინა, ომის დაწყების შემდეგ, მარტი-დეკემბერში კი ექსპორტი 3.2%-ით არის გაზრდილი, რაც ძირითადად მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის 5-ჯერ ზრდამ განაპირობა, თუმცა მთლიან ექსპორტში რუსეთის წილი მაინც შემცირდა, რადგან სხვა ქვეყნებში მეტად გაიზარდა.
როგორც TI წერს, რუსულ ბაზარზე მაღალი დამოკიდებულებით ქართული ღვინის ექსპორტი გამოირჩევა.
ბევრად მეტია რუსეთიდან იმპორტის ზრდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიხედვით, 2022 წელს რუსეთიდან იმპორტი 79%-ით გაიზარდა და $1.8 მილიარდი შეადგინა. რუსეთიდან იმპორტის წილი საქართველოს ჯამურ იმპორტში 13.1% იყო, რაც ბოლო 16 წლის მაქსიმუმია.
„ომის დაწყების შემდეგ რუსეთიდან ყველაზე მეტად ნავთობპროდუქტების (საწვავის) იმპორტი გაიზარდა – $482 მილონით (5-ჯერ მეტი). რუსული საწვავის წილმა იმპორტში 51% შეადგინა.
45%-ით გაიზარდა კვების პროდუქტების იმპორტი და 442 მლნ დოლარი შეადგინა; ნახშირბადიანი ფოლადის იმპორტი 8-ჯერ გაიზარდა და $49 მილიონი შეადგინა. 157%-ით გაიზარდა ქვანახშირისა და კოქსის იმპორტი და ჯამში $70 მილიონი შეადგინა“, – წერს TI.
ასევე კვლევის მიხედვით, კვლავ მაღალია საქართველოს დამოკიდებულება რუსულ ხორბალსა და ფქვილზე. 2022 წელს რუსული ხორბლისა და ხორბლის ფქვილის წილი საქართველოს ხორბლისა და ხორბლის ფქვილის მთლიან იმპორტში 97% იყო. საქართველოში მოხმარებულ ხორბლის ფქვილში კი 78%-მდე რუსეთზე მოდის.
ელექტროენერგიიის რუსეთიდან იმპორტის 46%-ით ზრდის მიუხედავად, რუსულ ელექტროენერგიას საქართველოს შიდა მოხმარებაში მხოლოდ 2.6% უჭირავს. გაიზარდა რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტიც – 32%-ით. რუსული გაზის წილი საქართველოს შიდა მოხმარებაში 8%-მდეა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევით, აღსანიშნავია ის მოცემულობაც, რომ 2022 წელს საქართველოში 15 000-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა, რაც 2021 წლის მაჩვენებელზე 16-ჯერ მეტია. საქართველოში სულ 22 400-მდე რუსული კომპანიაა რეგისტრირებული და მათი 66% უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დარეგისტრირდა.