2022 წელს საქართველოში 42 319 ბავშვი დაიბადა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მათგან 21 897 ბიჭია, ხოლო 20 422 გოგო. 2021 წელთან შედარებით, ქვეყანაში შობადობა 7.9%-ით შემცირდა.
ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, რიგით პირველი დაბადებული ბავშვის წილი 37.4%-დან 39.1%-მდე გაიზარდა, მეორე შვილის წილი შემცირდა 35.6%-დან 33.5%-მდე, ხოლო მესამე და მომდევნო შვილის დაბადების მაჩვენებელი თითქმის უცვლელი დარჩა და 26.6% შეადგინა.
2022 წელს, 2021-თან შედარებით, ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში, 25 წლამდე ასაკის დედების მიერ გაჩენილი ბავშვების წილი 27.2%-დან 26.5%-მდე შემცირდა, 25-39 წლის ასაკობრივი ჯგუფის დედების წილი 69.2%-დან 69.6%-მდე გაიზარდა. ზრდა შეინიშნება 40 წლის და უფროსი ასაკის დედებშიც, მათი წილი 3.6%-იდან 4%-მდეა გაზრდილი.
2022 წელს, დედის საშუალო ასაკი პირველი ბავშვის დაბადებისას 26.4 წლით განისაზღვრა.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ყველაზე მეტი ბავშვი თბილისში (14 202) დაიბადა, ხოლო ყველაზე ნაკლები – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (246).
საქსტატის თანახმად, 2022 წელს საქართველოში 49 118 ადამიანი გარდაიცვალა. 2021 წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რაოდენობა 18%-ით შემცირდა. გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში (14 123 კაცი), ხოლო ყველაზე ნაკლები – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (715 კაცი).