2022 წლის უკრაინა არ უნდა გახდეს 1921 წლის საქართველო - პაპუაშვილი

პუბლიკა

უკრაინაში რუსეთის ომის წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში მიღება გამართა. მიღებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილიც ესწრებოდა.

მან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ხვალ 102 წელი სრულდება წითელი არმიის მიერ საქართველოს პირველი რესპუბლიკის ანექსიიდან, უკრაინაში მსოფლიო დადგა იმავე მასშტაბის გამოწვევის წინაშე, 2022 წლის უკრაინა არ უნდა გახდეს 1921 წლის საქართველო.

„დღეს უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის დაწყებიდან ერთი წელი სრულდება, ერთი წელი ნგრევის, ტკივილის, ათასობით დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქის, მილიონობით ადამიანის დანგრეული აწმყოსა და მომავლის, ჩვენი თაობის ყველაზე მასშტაბური აგრესიის. ამავე დროს, ხვალ სრულდება წითელი არმიის მიერ საქართველოს პირველი რესპუბლიკის ანექსიიდან 102 წელი. მაშინ მსოფლიომ თვალი დახუჭა საქართველოსა და სხვა ერების თავისუფლებების მისწრაფებების ძალით ჩახშობაზე. 102 წლის შემდეგ ისტორია მეორდება” – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, საქართველო ურყევად და უპირობოდ დგას უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გვერდით.

„NATO-სა და EU-ის სამხედრო და ეკონომიკური დაცვის გარეშე მყოფი და თავად სასიცოცხლო უსაფრთხოების რისკების წინაშე მდგომი ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება უკომპრომისოა უკრაინის მხარდაჭერაში.

უკრაინასა და უკრაინელ ხალხს თავისუფლებისთვის გმირულ ბრძოლაში ვუსურვებ გამარჯვებას. Слава Україні,” – თქვა შალვა  შალვა პაპუაშვილმა.