2023-ში იყო გამოხატვის თავისუფლების რამდენიმე თვალშისაცემი დარღვევა — HRC-ის ანგარიში

პუბლიკა

ორგანიზაციამ „ადამიანის უფლებათა ცენტრი” საქართველოში 2023 წლის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. მასში ყურადღება პრობლემურ საკითხებზეა გამახვილებული.

მაგალითად, ანგარიშში ხაზგასმულია, რომ 2023 წელს გამოიკვეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების რამდენიმე თვალშისაცემი დარღვევა. კერძოდ, აქციებში მონაწილეთა რაოდენობასთან შედარებით, მობილიზბეული იყო პოლიციელთა არაპროპორციული რაოდენობა.

„რიგ შემთხვევებში, პოლიციელთა რაოდენობა აქციის მონაწილეთა რაოდენობას მკვეთრად აღემატებოდა, ზოგჯერ კი პირიქით – მცირე რაოდენობის გამო პოლიცია ვერ ახერხებდა საზოგადოებრივი წესრიგისა და აქციის მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას”. – წერს ორგანიზაცია და მიუთითებს, რომ „საჭიროების გარეშე პოლიციელთა დიდი რაოდენობის მობილიზებამ შესაძლოა აღძრას შიში. მეტიც, პოლიციელების მხრიდან გადაჭარბებულმა ჩარევამ შესაძლოა კონფლიქტის დეესკალაციის ნაცვლად, მისი გამძაფრება გამოიწვიოს”.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ შეფასებით, ასევე, მნიშვნელოვანია, საპროტესტო აქციების მშვიდობიანად გამართვის ორგანიზებაში ჩართული პოლიციელები იყვნენ მარტივად იდენტიფიცირებადი შესაბამისი ფორმითა თუ სხვა ნიშნებით, რაც ხელს შეუწყობს მათი პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდას.

ანაგრიშში, თავისთავად, მოხვდა 7-8 მარტის აქციები, როცა მოქალაქეებმა რუსული კანონი გააპროტესტეს. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ შეფასებით, „გამოიკვეთა სამართალდამცავების მხრიდან ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევები, რაც გამოიხატებოდა სპეციალური საშუალებების წინასწარი გაფრთხილებისა და ლეგიტიმური საფუძვლის არსებობის გარეშე გამოყენებაში“.

„აღსანიშნავია 7 მარტის მასშტაბური საპროტესტო აქცია – „არა რუსულ კანონს“ და 8-9 მარტის საპროტესტო აქცია – „არა რუსულ კანონს, გამოდი ღირსების დასაცავად“, სადაც, ერთი მხრივ, შსს-ს თანამშრომლებმა აქციის მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგ წინასწარი გაფრთხილების გარეშე, აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპების დარღვევით გამოიყენეს სპეციალური საშუალებები, ხოლო, მეორე მხრივ, აქციის ზოგიერთი მონაწილე გასცდა მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით დაცულ სფეროს“. – ნათქვამია ანგარიშში.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, სამართალდამცავებმა გამიჯნონ აქციის მშვიდობიანი და არამშვიდობიანი მონაწილეები.

ორგანიზაცია შეეხო უფლებადამცველების დაკავებას პლაკატის და ცარიელი ფურცლების გამო და მიუთითა, რომ „მშვიდობიანი ფორმით ქაღალდის ბანერების ხელში ჭერისთვის აქტივისტების დაკავება არის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებაში გაუმართლებელი ჩარევა”.

HRC უარყოფითად აფასებს კანონს, რომლის მიხედვითაც, შეიზღუდა საპროტესტო აქციებზე კონსტრუქციების, მათ შორის, კარვების გაშლის უფლება.

დოკუმენტში მიმოხილულია მედიაგარემო და გამოხატულია შეშფოთება მედიის წარმომადგენლების პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და მათი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობების გამო.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, უსაფრთხო მედიაგარემოს უზრუნველყოფის მიზნით, მნიშვნელოვანია ხელისუფლების მხრიდან თითოეულ შემთხვევაზე მოხდეს სწრაფი და ადეკვატური რეაგირება, ძალადობის ყველა შემთხვევის საჯაროდ დაგმობა და გამოხატვის თავისუფლებისა თუ ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის მხარდაჭერა“. – ნათქვამია ანგარიშში.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი” ყურადღებას ამახვილებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ადამიანების უფლებებზე. ანგარიშის თანახმად, „რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე 2023 წელსაც გრძელდებოდა მოქალაქეთა არასათანადო მოპყრობის, უკანონო დაკავებებისა და სიცოცხლის უფლების ხელყოფის ფაქტები ასევე, ეთნიკურად ქართველი მოსახლეობისთვის შეზღუდული იყო მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა“.

„გამოიკვეთა, რომ მცოცავი საოკუპაციო რეჟიმის პირობებში, არსებითად იზღუდება მოსახლეობის წვდომა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე. ეს კი ხელს უშლის სოფლის მეურნეობის განვითარებასა და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ მდგრადობას“. – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში მიმოხილულია კიდევ ერთი თემა – სტიქიური მოვლენები და ადამიანის უფლებები. მოყვანილია 2023 წელს შოვისა და გურიის სტიქიური უბედურებების მაგალითი და ნათქვამია, რომ „სამოქალაქო ორგანიზაციების შეფასებით, ქვეყანაში ბუნებრივ კატასტროფებთან გასამკლავებლად არაეფექტური სისტემა არსებობს, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას, სიცოცხლესა და განვითარებას“.

კერძოდ, ორგანიზაციის შეფასებით:

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის მიხედვით, ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ სიცოცხლის უფლების დაცვის პოზიტიური ვალდებულება სახელმწიფოს ეკისრება. შესაბამისად, ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს ეფექტური პრევენციული ზომების განხორციელებასა და ადეკვატურ საგანგებო რეაგირებაზე, რათა დაცული იყოს ადამიანების სიცოცხლის უფლება.