2023 წელს მედიაზე სხვადასხვა ტიპის ძალადობის, შევიწროების და დაშინების 45-მდე მცდელობა იყო საჯარო - TI

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აცხადებს, რომ 2023 წელს თბილისსა და რეგიონებში მედიის წარმომადგენლებზე სხვადასხვა ტიპის ძალადობის, შევიწროებისა და დაშინების მცდელობის 45-მდეშემთხვევა საჯაროდ დაფიქსირდა.

ორგანიზაციამ გამოაქვეყნა მედიის მიმართ ძალადობის 2023 წლის სტატისტიკა და სახელმწიფოს რეაგირება. მათ ინფორმაცია სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან გამოითხოვეს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, 2023 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 30 ნოემბრის პერიოდში, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო 14 სისხლის სამართლის საქმეზე. მათგან ერთ საქმეზე გამოძიება შეწყდა, 4 საქმე არსებითი განხილვის მიზნით სასამართლოში გადაიგზავნა, 9-ზე კი – გამოძიება კვლავ მიმდინარეობს. ამასთან, 6 სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში გენერალურმა პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა 9 პირის მიმართ დაიწყო.

TI-მ ჟურნალისტებზე ძალადობის სამი ძირითადი კატეგორია გამოყო.

1. მედიის წარმომადგენლების მიმართ ღია თავდასხმების მაგალითები:

  • ივნისში, თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე იძალადეს, ტელეკომპანია „ფორმულას” ერთ-ერთ დამფუძნებელსა და წამყვან მიშა მშვილდაძეზე, მომხდარზე სამართალდამცველმა უწყებამ პასუხისგებაში ერთი პირი მისცა.
  • ივლისში, თავს დაესხნენ და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს კახეთის რეგიონის საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ღონისძიების გასაშუქებლად ჩასულ „მთავარი არხისა” და „ფორმულას” გადამღებ ჯგუფებს.
  • ივლისში, პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს „თბილისი პრაიდის” ღონისძების გასაშუქებლად მისულ „მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფს.
  • აგვისტოში, თავს დაესხნენ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში ჩასულ „მთავარი არხის” გადაღებ ჯგუფსაც.
  • სექტემბერში, აშშ-ის მიერ დასანქცირებული ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დაცვა თბილისში თავს დაესხა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ტექნიკა წაართვა „ტელეკომპანია პირველისა” და „ფორმულას” გადამღებ ჯგუფებს.
  • ოქტომბერში, „მთავარი არხის“ ცნობით, სამართალდამცველებმა სოფელ ჭორვილამდე მისასვლელი გზა ჩაუკეტეს მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც იქ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპროტესტო მსვლელობის გასაშუქებლად ჩავიდნენ. ადგილზე „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერებს და ოპოზიციონერ აქტივისტებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას, „ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორს ნასროლი ქვა მოხვდა, ჟურნალისტს კი – კვერცხი.

2. მედიის წარმომადგენლების მიმართ მუქარისა და სავარაუდო დაშინების მცდელობები:

  • ივნისში, საქალაქო სასამართლოში მიშა მშვილდაძეზე თავდასხმაში ბრალდებულის პროცესზე მოძრაობის “საქართველო უპირველეს ყოვლისა” დამფუძნებელმა, ვატო შაქარაშვილმა, რომელიც “ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერი და პარტიის ყოფილი წევრია, თქვა, რომ თავდასხმის შემდეგი სამიზნე “ტელეკომპანია პირველის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე იქნებოდა.
  • აგვისტოში, შოვში მომხდარი ტრაგედიისას, ინტერნეტგამოცემა “მთის ამბების” რედაქტორს, გელა მთივლიშვილს “წყალში გადაგდებით” დაემუქრა საჯარო მოხელე. “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტს “არაკაცი” უწოდა, პარლამენტის თავმჯდომარემ კი მას Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის წაშლაზე მიუთითა. მოგვიანებით, მანვე მთივლიშვილს “თვითგამოცხადებული ჟურნალისტიც” უწოდა.
  • უცნობი პირები სხვადასხვა ნომრიდან უკავშირდებოდნენ და ემუქრებოდნენ ტელეკომპანია “ფორმულას” წამყვანს, ირაკლი ტაბლიაშვილს.
  • ოქტომბერში, ე.წ. ტრენინგების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს ტელეკომპანია „ფორმულას“ ფოტოგრაფი ვახო ქარელი.
  • დაფიქსირდა მმართველი პარტიის მხრიდან დამოუკიდებელი მედიასაშუალებების დისკრედიტაციის მცდელობის ახალი ფორმები. მაგალითად, სექტემბერში, ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა უკმაყოფილების წერილით მიმართა საერთაშორისო დონორებს, მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელმა ინტერნეტგამოცემა “OC Media-მ” მას Op-Ed-ის გამოქვეყნებაზე უთხრა უარი.
  • ოქტომბერში, ხელისუფლებისადმი ლოიალურ ტელევიზიებში გავიდა სიუჟეტები, რომლებშიც მმართველი გუნდის წარმომადგენლები საუბრობდნენ, თითქოს ფრიდრიხ ებერტის ფონდი გამოცემა “ინდიგოსთან” ერთად საქართველოში რევოლუციური სცენარის მოწყობაში იყვნენ ჩართულნი.
  • თებერვალში, ამოქმედდა საკანონმდებლო ორგანოში ჟურნალისტთა აკრედიტაციის ახალი წესი, რომელმაც გააჩინა შიში, რომ კრიტიკული კითხვების გამო, ჟურნალისტებს შესაძლოა აკრედიტაცია შეუჩერდეთ. ახალი წესის საფუძველზე საპარლამენტო აკრედიტაცია უკვე კრიტიკული მედიის 11 ჟურნალისტს შეუჩერეს.

3. ჟურნალისტების მიმართ საპროტესტო აქციებზე განხორციელებული ძალადობა, მათი დაკავება და დაჯარიმება.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” (ე.წ რუსული კანონის) კანონპროექტის წინააღმდეგ მარტის დასაწყისში გამართული აქციების გაშუქებისას, 2 ჟურნალისტი – ინტერნეტგამოცემა „პუბლიკას” დირექტორი, ზურა ვარდიაშვილი და „ტაბულას“ ჟურნალისტი, ბექა ჯიქურაშვილი დააკავეს. შემდგომ სასამართლომ ისინი დააჯარიმა. ამავე აქციებისას, დაფიქსირდა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის არაერთი შემთხვევაც, ადგილი ჰქონდა სამართალდამცველების მხრიდან მედიის წარმომადგენლებზე ძალადობასაც.

იყო ჟურნალისტების მისამართით ჩადენილი ისეთი შესაძლო დანაშაულებიც, რომლებიც, შესაძლოა, პირდაპირ არ ებმის მათ პროფესიულ საქმიანობას, თუმცა აჩენდა შიშს, დაუცველობას და თავად ჟურნალისტები ამ დანაშაულების უკან მათი პროფესიული საქმიანობის კონტექსტს ხედავდნენ. მაგალითად:

  • თებერვალში, დროის მცირე მონაკვეთში, ორჯერ გაქურდეს „ტელეკომპანია პირველის” ჟურნალისტის, ნატო გოგელიას ოზურგეთის სახლში.
  • ივლისში, „ტელეკომპანია პირველის” საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის ავტომობილიდან წაიღეს გარე ვინჩესტერი, ძვირადღირებული პირადი ნივთები კი ხელუხლებელი დატოვეს.
  • ასევე ივლისში, დოკუმენტები დაიკარგა ჟურნალისტ ვასილ დაბრუნდაშვილის ბინიდანაც. ჟურნალისტის თქმით, პარალელურად, მას უთვალთვალებენ.

„ჟურნალისტებზე თავდასხმები, მათ მიმართ მუქარა და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა, დაშინებისა და დისკრედიტაციის მცდელობების გახშირებული შემთხვევები, დანაშაულების გამოუძიებლობა და დაუსჯელობა კლეპტოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი მახასიათებელია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიიჩნევს, რომ ევროინტეგრაციისა და 2024 წლის მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნების პირისპირ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ უპირველეს ყოვლისა, სწორედ მმართველმა პარტიამ უზრუნველყოს შიშისგან თავისუფალი და უსაფრთხო მედიაგარემო, სადაც ჟურნალისტები დაუბრკოლებლად შეძლებენ პროფესიული საქმიანობის განხორციელებას და შესაბამისად, საზოგადოების სათანადო ინფორმირებას. ამის ერთ-ერთი წინაპირობა კი, ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების დროული გამოძიება და დამნაშავეთა დაუსჯელობის დასრულებაა“, – აცხადებს TI.