2023 წელს ოჯახთან ერთად საზღვარგარეთ წასვლის მიზეზით სკოლა 5604 მოსწავლემ დატოვა - ომბუდსმენი

პუბლიკა

2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის წლიურ საპარლამენტო ანგარიშში გაანალიზებულია მოსწავლის სტატუსის შეჩერების სტატისტიკა.

ომბუდსმენი ეყრდნობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, 2023 წელს სტატუსი შეუჩერდა 10430 მოსწავლეს. აქედან 1598 მოსწავლეს სტატუსი შეუჩერდა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების საფუძვლით.

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, სწავლის მიტოვებისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების მაჩვენებელი ყველაზე მაღალია თბილისში, აჭარაში, იმერეთსა და კახეთში.

როგორც ანგარიშში შესული სტატისტიკური მონაცემებიდან ირკვევა, მოსწავლის სტატუსის შეჩერებისა თუ შეწყვეტის საფუძველი უმეტეს შემთხვევაში ოჯახთან ერთად საზღვარგარეთ  გამგზავრებაა – 5604 მოსწავლე.

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, 2023 წელს დამატებით, სკოლებიდან ამოირიცხა 2944 მოსწავლე, აქედან 233 მოსწავლე დონის დაძლევის საფუძვლით;

სკოლებიდან ამორიცხულ ბავშვებს შორის, ჯამში უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო – 165. გარდა ამისა, მოწოდებული ინფორმაციით, 27 მოსწავლე გარიცხეს სკოლიდან, რომელთაგან 14 იყო გოგო, ხოლო 13 ბიჭი.

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, მიუხედავად სწავლის შეჩერების/მიტოვების რეალური საფუძვლების გამოკვეთისა და აღრიცხვისა, სტატისტიკა კვლავ მნიშვნელოვან დაზუსტებას საჭიროებს.

კერძოდ, ომბუსდმენის აპარატის შეფასებით, მოსწავლის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის შემთხვევების ისეთი საფუძვლები, როგორიცაა „მშობლის განცხადება“, „გაცდენების ზღვრული რაოდენობა“ ან „სხვა“, ბავშვის საგანმანათლებლო პროცესიდან ჩამოშორებისა თუ დროებით ჩამოშორების მიზეზების თაობაზე რეალურ ინფორმაციას არ იძლევა.