2023 წლის 11 თვეში საქართველოს ეკონომიკა 6.9%-ით გაიზარდა

პუბლიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, 2023 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით საქართველოს ეკონომიკა 6.9%-ით გაიზარდა, ხოლო მხოლოდ ნოემბერში –  5.9%-ით.

საქსტატის თანახმად, კერძო სექტორის ბრუნვამ 12.3 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 2.6%-ით მეტია.

ამასთან, 2023 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, მშენებლობა, პროფესიული, სამეცნიერო-ტექნიკური საქმიანობები და ვაჭრობა.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, ენერგეტიკის, ასევე ტრანსპორტის და დასაწყობების სექტორებში.

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის განცხადებით, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლების ზრდასთან.

რაც შეეხება მშენებლობის სექტორს, თოდრაძის თქმით, ზრდა დაკავშირებულია საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების მშენებლობასთან, ასევე, სამოქალაქო მშენებლობასთან, როგორიც არის, მაგალითად, ხიდების, გვირაბების, გზებისა და ავტობანების მშენებლობა.

მისივე თქმით, 2023 წლის ნოემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 33%-ით გაიზარდა სამშენებლო მასალების იმპორტი.

რაც შეეხება პროფესიულ, სამეცნიერო და ტექნიკურ სამუშაოებს – აქ ზრდა დაკავშირებულ იყო სარეკლამო საქმიანობების, ასევე არქიტექტურული საქმიანობების მომსახურების ზრდასთან.

გოგიტა თოდრაძის თქმით, ვაჭრობის სექტორი იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ზრდის მიმართულებით, ხოლო ზრდა, ძირითადად, დაკავშირებული იყო ავტომობილებით ვაჭრობის მოცულობის გაფართოებასთან.

„2023 წლის ნოემბერში დაახლოებით 82%-ით არის გაზრდილი მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის მაჩვენებელი. ზრდა განსაკუთრებით შეინიშნებოდა ყირგიზეთის, ყაზახეთის და აზერბაიჯანის მიმართულებით. თუმცა, გარდა ამისა, გაზრდილია საკვები პროდუქტებით, სასმელებითა და თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობის მაჩვენებელი”, – თქვა გოგიტა თოდრაძემ.

რაც შეეხება კლების ტენდენციებს – საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ეს, უპირველეს ყოვლისა, გამოვლინდა დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში.

„ძირითადად, დაკავშირებულ იყო ქიმიურ მრეწველობასთან, ძირითადად, მინერალური სასუქების წარმოების მოცულობის შემცირებასთან. აქვე აღსანიშნავია, რომ დაახლოებით 22%-ით შემცირდა აზოტოვანი სასუქების ექსპორტის მაჩვენებელი. შემცირებულია ასევე სასმელების წარმოების მოცულობა ნოემბერში, წინა წლის პერიოდთან შედარებით. ეს აისახა ექსპორტის მაჩვენებელზეც, დაახლოებით 53%-ით შემცირდა ყურძნის, ნატურალური ღვინის ექსპორტი და დაახლოებით 52%-ით შემცირდა, ასევე მინერალური წყლების ექსპორტის მაჩვენებელი.

რაც შეეხება ენერგეტიკის სექტორს, აქ კლება ძირითადად დაკავშირებული იყო თბოსადგურების გამომუშავების შემცირებასთან. კერძოდ, დაახლოებით 27%-ით შემცირდა თბოსადგურების გამომუშავების მაჩვენებელი ნოემბერში.

და ბოლო სექტორი, ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორი, ამ მიმართულებით კლება ძირითადად დაკავშირებული იყო დასაწყობების და დამხმარე საქმიანობების მომსახურების მოცულების შემცირებასთან“. – განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.