საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განცხადებით, წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის I კვარტალში 201.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის I კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 64.4 პროცენტით ნაკლებია.
შემცირება განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სამივე კომპონენტის (სააქციო კაპიტალი, რეინვესტიცია და სავალო ვალდებულებები) მაჩვენებლის შემცირებით.
საქსტატის განცხადებით, 2024 წლის I კვარტალში სააქციო კაპიტალმა 75.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 37.7 პროცენტია. რეინვესტიციამ 92.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და მისი წილი 45.9 პროცენტით განისაზღვრა.
2024 წლის I კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები შემდეგნაირად განაწილდა:
პირველ ადგილზეა თურქეთი – 42.4 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 21.0 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება ჩეხეთი – 41.5 მლნ. აშშ დოლარით (20.6 პროცენტი), ხოლო მესამეზე აშშ – 33.7 მლნ. აშშ დოლარით (16.7 პროცენტი). ხუთი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 85.5 პროცენტს შეადგენს.
რაც შეეხება სექტორებს:
2024 წლის I კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა და 78.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 39.1 პროცენტია.
მეორე ადგილს იკავებს ვაჭრობის სექტორი – 39.5 მლნ. აშშ დოლარით (19.6 პროცენტი), ხოლო მესამეზე იმყოფება ტრანსპორტის სექტორი 38.8 მლნ. აშშ დოლარით (19.3 პროცენტი).