2024-ში ველით დეზინფორმაციას, არეულობას, პროვოკაციებს - პაპუაშვილი

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ წინასაარჩევნოდ ელოდებიან დეზინფორმაციულ კამპანიას, არეულობას და არასტაბილურობას.

მან კონფერენციის დამსწრე ელჩებს მიმართა, რომ საჭიროა საერთაშორისო პარტნიორებთან დროული და სათანადო კომუნიკაცია, რაშიც დიპლომატებს დიდი როლი აქვთ.

„ვაცნობიერებთ, რომ დამდეგი წელი რთული იქნება. მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით, ველით დეზინფორმაციის და ყალბი ნარატივების ფართომასშტაბიან კამპანიებს, პროვოკაციებს, არეულობის და არასტაბილურობის, არასწორი აღქმების შექმნის მცდელობებს.

ამ პროცესში მნიშვნელოვანი იქნება საერთაშორისო პარტნიორებთან დროული და სათანადო კომუნიკაცია, ასევე, მათთან მჭიდრო კავშირების განვითარება. ამ საქმეში თქვენ, საქართველოს ელჩებს, უდიდესი როლი გაქვთ.

დღეს ე.წ. ჰედლაინების ეპოქაში ვცხოვრობთ. ხშირად, ერთ ჰედლაინს გუშინდელი ერთი სტატიის თუ მთელი პიარკამპანიის დატვირთვა აქვს. ამასთან, დღევანდელ ინფორმაციულ ეპოქაში სოციალური მედიის საშუალებებმა დიდი ძალა შეიძინა. ამიტომ საერთაშორისო პარტნიორებსა და უცხოურ საზოგადოებებთან სამუშაოდ გთხოვთ მეტ აქტიურობას და მეტ ძალისხმევას როგორც ტრადიციული დიპლომატიური მეთოდებით, ასევე სოციალური მედიების საშუალებით.

ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციული კამპანიების მხილება თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდით თქვენი ქვეყნის ერთგული სამსახურისთვის, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვისა და ღირსეული, პროფესიონალური საქმიანობისთვის. წარმატებას გისურვებთ თქვენს საპასუხისმგებლო საქმეში. დიდ იმედებს ვამყარებთ თქვენთან კიდევ უფრო ნაყოფიერ თანამშრომლობაზე”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„ელჩების კონფერენცია 2023“ დღეს, 26 დეკემბერს გაიხსნა და ორ დღეს გაგრძელდება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციის თემაა „საქართველო – ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი“ და მასში მონაწილეობას იღებენ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიის და  საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები. ასევე საპატრიარქოს წარმომადგენლები.

დამსწრე სტუმრებს სიტყვით მიმართეს საგარეო საქმეთა მინისტრმა, პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ.

ღონისძიებას არ ესწრება პრეზიდენტი, მიზეზი მედიისთვის ჯერჯერობით, უცნობია.