ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2024 წელს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში ამომრჩეველთა თითქმის 90% კენჭისყრაში მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს.
ხოლო, მათივე ცნობით, იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც ტექნოლოგიები არ იქნება გამოყენებული, გაციფრულდება ბიულეტენები. შესაბამისი გადაწყვეტილება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო და განკარგულებით განსაზღვრა ის საარჩევნო უბნები, რომლებშიც 2024 წელს არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარდება.
„დღეს ცესკომ ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილება მიიღო, ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ღიაობის და გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის დადგენას საარჩევნო უბნებზე. აღსანიშნავია, რომ ეს მოცემულობა ხელს შეუწყობს ყველა ჩართულ მხარეს, მათ შორის პოლიტიკურ გაერთიანებებს, საარჩევნო ადმინისტრაციას, რომ წელიწად-ნახევრით ადრე მოემზადონ, დაგეგმონ და განახორციელონ აქტივობები 2024 წლის არჩევნებისთვის“, – განაცხადა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ.
ცესკოს წევრის ივანე ნორაკიძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს საარჩევნო პროცესის მიმართ ამომრჩეველთა ნდობის ამაღლებას.
„განსხვავებით საკანონმდებლო ჩანაწერისგან, გვაქვს პროგრესი. საკანონმდებლო ჩანაწერის მიხედვით ელექტრონული არჩევნები საქართველოში ჩატარდებოდა ამომრჩევლის მინიმუმ 70 პროცენტისთვის, ცესკოს დღევანდელი განკარგულებით კი დადგინდა, რომ ელექტრონული არჩევნები საქართველოში ჩატარდება ამომრჩევლის თითქმის 90 პროცენტისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა, რადგან ელექტრონული არჩევნები ზოგადად ამარტივებს არჩევნების ადმინისტრირებას, უფრო მეტ სიზუსტეს სძენს მას და აქედან გამომდინარე, საბოლოო ჯამში იზრდება ნდობა საარჩევნო პროცესის მიმართ ამომრჩეველთა მხრიდან“, – თქვა მან.
ცესკოს ცნობით, 2024 წლის არჩევნები, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარდება ყველა თვითმმართველ ქალაქსა და თვითმმართველი თემების მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების ტერიტორიაზე არსებულ ყველა საარჩევნო უბანზე, ასევე ზემოხსენებული მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე (გარდა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრებისა) არსებულ იმ საარჩევნო უბნებში, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა აღემატება 300 ამომრჩეველს და ამავდროულად შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიის მისამართსა და საოლქო საარჩევნო კომისიის მისამართს შორის მანძილი არ აღემატება 20 კმ-ს.
იმ საარჩევნო უბნებში კი, სადაც არ იქნება განთავსებული საარჩევნო ბიულეტენების ელექტრონული მთვლელი, საუბნო საარჩევნო კომისია ცესკოს დადგენილებით, განსაზღვრული წესით, საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესში განახორციელებს საარჩევნო ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანას შესაბამისი ელექტრონული მოწყობილობების საშუალებით. საარჩევნო ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანილი ვერსია განთავსდება ინტერნეტსივრცეში საარჩევნო უბნების მიხედვით და მათი გაცნობა შეეძლება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.