საქართველოს მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა 2024 წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული ცვლილებები შეაჯამა.
პრემიერის თქმით, 870 მლნ ლარით იზრდება ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების დაფინანსება.
- 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 50 ლარით და გახდება 415 ლარი. მაღალმთიან დასახლებებში იქნება თითქმის 500 ლარი.
- 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და განისაზღვრება 315 ლარით და მაღალმთიანში იქნება 380 ლარი.
„რაც შეეხება სხვა პროგრამებს, აქაც, ჯამში, სოციალური პროგრამების დაფინანსება შეადგენს 5.6 მლრდ ლარს. ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად გამოყოფილია 1.6 მლრდ ლარი, მათ შორის, რა თქმა უნდა, გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასის 10%-იანი ზრდა. ბიუჯეტში გათვალისწინებულია ყველა საჯარო მოხელის ხელფასის ზრდა, ასევე, 10%-ით. ძალოვნებისთვის, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ შარშან 20%-იანი ზრდა გავაკეთეთ და ჯამში, ბოლო 2 წელიწადში, თითქმის 40-45%-იანი ზრდა გამოგვივიდა ძალოვნებში, პოლიციაში, ჯარსა და პრესსამსახურებში. სხვა საჯარო მოხელეებს, ყველას, გაეზარდა ბოლო ორ წელიწადში 30%-ით, ამ ახალი ზრდის ჩათვლით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ღარიბაშვლმა.
მისივე თქმით, ბიუჯეტი ეზრდება შსს-ს, თავდაცვისა და განათლების სამინისტროებს.
„470 მილიონი ლარით იზრდება განათლების ბიუჯეტი. გარდა ამისა, მინდა ვთქვა, რომ საჯარო სკოლების მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდის საკითხს ჩვენ ვამუშავებთ და ახალ მინისტრთან ერთად ოქტომბრის ბოლოს წარმოგიდგენთ ახალ კონცეფციას. რაც შეეხება საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციას, გამოყოფილია 350 მილიონი ლარი, მაღალი ტემპებით წავა აქ მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი. საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე მიემართება 225 მილიონი ლარი. ესეც დაწყებული გვაქვს. ბაღებში თანამშრომელთა ხელფასების ზრდა იქნება გათვალისწინებული“, – განაცხადა მან.
რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის პროგნოზს, პრემიერი ამბობს:
„ჩვენ ჩადებული გვაქვს ეკონომიკის 5,2 %-ის ზრდა. საშუალო ვადიან პერიოდშიც რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი არის ასევე 5%, საშუალო ინფლაციის პროგნოზი მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში 2,8%-ს შეადგენს.
ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი არის 85 მილიარდ 370 მილიონი ლარი. მთლიანი შიდა პროდუქტი იქნება 85 მილიარდ 370 მილიონი ლარი […] 85 მილიარდზე მეტი იქნება მთლიანი შიდა პროდუქტი. ეს ნიშნავს იმას, რომ ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით 8600 დოლარს გადააჭარბებს გაისად. წელს 8100 დოლარი იქნება უკვე და წლევანდელი ბიუჯეტიც იცით, რომ საკმაოდ ამბიციური იყო.
ასევე, გეტყვით იმასაც, რომ 2027 წლისთვის, ჩვენი პროგნოზით, მთლიანი შიდა პროდუქტი იქნება 108 მილიარდი ლარი, რაც ნიშნავს, რომ ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, თითქმის 11 000 დოლარს მიაღწევს. 2024 წელს ნაერთი ბიუჯეტი იქნება 27 მილიარდ 800 მილიონი ლარი. დეფიციტს რაც შეეხება, გეტყვით რომ ჩვენი გათვლებით ეს იქნება 2,5%, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი მშპ-ის 38,2% იქნება 2024 წელს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.