პრემია „საბას“ 2024 წლის გამარჯვებულები საზეიმო დაჯილდოების გარეშე გამოვლინდა.
„საქართველოში შექმნილი ვითარების ფონზე, წელს „საბას“ საზეიმო დაჯილდოება არ ჩატარდება. იმედი გვაქვს, რომ მომავალი, 23-ე საბას“ გამარჯვებულებს საზეიმო დაჯილდოებაზე გამოვავლენთ თავისუფალ, ევროპულსა და დემოკრატიულ საქართველოში.
სოლიდარობას ვუცხადებთ საპროტესტო აქციების დროს დაშავებულ და უკანონოდ დაკავებულ მოქალაქეებს“, – აცხადებს „საბა” და დასძენს, რომ ვინაიდან წელს „საბას“ დაჯილდოება ვერ ჩატარდება, თიბისის მხარდაჭერით, „დაჯილდოების ცერემონიისთვის განსაზღვრულ თანხას სრულად მიმართავს ფულად პრიზებზე არა მხოლოდ გამარჯვებულებისათვის, არამედ ყველა ფინალისტისთვის“.
ლიტერატურული პრემია „საბა“ 2024-ის ჟიურიში იმუშავეს: პროზაიკოსმა ბიძინა მაყაშვილმა; პოეტმა პაატა შამუგიამ; მთარგმნელმა თამარ ჯაფარიძემ; ლიტერატორმა გვანცა ჩხენკელმა; პოეტმა ლია ლიქოკელმა.
ჟიურიმ განიხილა 250-მდე წიგნი და გამოავლინა ათ სხვადასხვა ნომინაციაში 11 გამარჯვებული:
- „წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი”: აინე მერმე, „ეუარა“ (ინდიგო);
- „წლის საუკეთესო კრიტიკა”: ნონა კუპრეიშვილი, “საშიში ინტერპრეტაციები” (გამომცემლობა ინტელექტი);
- „წლის საუკეთესო პიესა”: გიორგი მაისურაძე, „ლეთე” (ინდიგო);
- „წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა”: ზაზა ბურჭულაძე, „ჩემი სიმღერა“ (სულაკაურის გამომცემლობა);
- საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს მიერ დაწესებული ჯილდო “საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში”: ლაშა ბუღაძე, „საქართველოს სახელით“ (სულაკაურის გამომცემლობა);
- „წლის საუკეთესო ქართული თარგმანი”: ზაზა ჭილაძე და გია ჭუმბურიძე, სიუზენ ზონტაგის „ფოტოგრაფია“ (გამომცემლობა დიოგენე);
- „წლის საუკეთესო პროზაული კრებული”: მარი ბექაური, „ორ ზღვას შუა“ (სულაკაურის გამომცემლობა);
- „წლის საუკეთესო პოეტური კრებული”: ბესიკ ხარანაული, „ეს საქართველოა“ (გამომცემლობა ინტელექტი);
- ნომინაციაში „წლის საუკეთესო რომანი” წელს ორი დამოუკიდებელი „საბა” გაიცა, გამარჯვებულები გახდნენ: ბესო სოლომანაშვილი, „ლუმპენ მილენიუმი“ (სულაკაურის გამომცემლობა) და დავით ქართველიშვილი, „მეგაპოლისი და ფიზიკური პირები“ (გამომცემლობა პალიტრა L);
ქართულ ენასა და ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის „საბა” გადაეცემა ენათმეცნიერსა და ფილოლოგს, მზექალა შანიძეს.