აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე (ასა) ზრდასრული პირები, ასა-ს მქონე პირთა ოჯახები, და ორგანიზაციები: „ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ”, „აუტიზმის კვლევის და ხელშეწყობის ფონდი”, „განათლების დამოუკიდებელ კონსულტანტთა კოლეგია” მთავრობას მიმართავენ, უმოკლეს ვადებში დაიცვან ასა-ს მქონე პირების და მათი ოჯახების ფუნდამენტური უფლებები, რომლებიც, მათი თქმით, უხეშად ირღვევა და ზღუდავს ასა-ს მქონე პირებისა და მათი ოჯახების ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობას.
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის 26–ე მუხლი ავალდებულებს საქართველოს მიიღოს ეფექტური და შესაბამისი ზომები, რათა უზრუნველყოს ყველა სახის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მაქსიმალური დამოუკიდებლობის, ფიზიკური, მენტალური, სოციალური და პროფესიული შესაძლებლობების მიღწევა, ხოლო „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად სახელმწიფომ უნდა შექმნას მყარი, მხარდაჭერილი სისტემა, რომელიც ასა-ს მქონე ზრდასრულ ადამიანებს სრულყოფილად დაეხმარება სოციალიზაციაში საზოგადოების ყველა ასპექტში, ხელს შეუწყობს მათ დამოუკიდებლობას და თანასწორ შესაძლებლობებს. აღვნიშნავთ ასევე, რომ 18 წელს მიღწეული ასა-ს მქონე პირებისთვის სპეციალური სერვისების/პროგრამების არარსებობის პრობლემა ასახულია სახალხო დამცველის 2023 წლის საპარლამეტო ანგარიშშიც: „კვლავ არ არის დანერგილი ზრდასრულ შშმ პირთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული რეაბილიტაციის პროგრამა, მათ შორის, 18 წლის და უფროსი ასაკის აუტიზმის მქონე პირებისთვის საჭირო სერვისები“.
მოგეხსენებათ, ასა არის ადამიანის ნეიროგანვითარების ატიპური ფორმა, რომელიც წარმოადგენს ქრონიკულ მდგომარეობას და ტიპური ნეიროგანვითარების სახეს არ იძენს სრულწლოვანების მიღწევის, ან ცხოვრების ნებისმიერი სხვა ეტაპის გადალახვის შემდგომ. ასა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრების ყველა სფეროზე და დაკავშირებულია ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზებისა და დამაკმაყოფილებელი ცხოვრების ხარისხის შენარჩუნებისათვის საჭირო ისეთ კრიტიკულ უნარ-ჩვევებთან, როგორებიცაა: კომუნიკაცია, დასწავლა, თვითმოვლა, ფინანსური დამოუკიდებლობა, კარიერული განვითარება და სხვა. ასა აგრეთვე დაკავშირებულია ჯანმრთელობის კრიზისულ მდგომარეობებთან, როგორებიცაა: ასა-ს მქონე პირის სიცოცხლისათვის საშიში თვითდამაზიანებელი და სხვათა დამაზიანებელი ქცევა, ენისა და მეტყველების დარღვევები, სენსორული გადამუშავების დარღვევები, პუბერტატთან დაკავშირებული მდგომარეობები და სხვადასხვა ფსიქიკური თუ ფიზიკური კომორბიდული მდგომარეობები. ასა-ს მქონე პირი, დღევანდელი ვითარებით, მოწყვლადია ოჯახშიც. ოჯახები, რომელთა ნაწილიც შედგება მხოლოდ მარტოხელა დედებისგან, განიცდიან მატერიალურ გაჭირვებასა და სოციალურ იზოლაციას, რაც გაზრდილი ქრონიკული სტრესისა და არასაკმარისი რესურსების ფონზე, ზრდის ოჯახში ძალადობისა და ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობის გაუარესების რისკს.
საერთაშორისო პრაქტიკისა და ქვეყნის კანონმდებლობის შესატყვისი, ასა-ს მქონე პირების საჭიროებებზე მორგებული უწყვეტი სერვისების/პროგრამის გარეშე ასა-ს მქონე პირები ვერ ახერხებენ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და გაძლიერებას, იძულებითი სოციალური იზოლაციისაგან თავის დაღწევას.
იმისათვის, რომ ასა-ს მქონე 18 წელზე უფროს პირთა თემმა შეძლოს უფლებებისა და თავისუფლებების თანასწორ პირობებში რეალიზება, აუცილებელია ქვეყანაში ფუნქციონირებდეს სერვისები/პროგრამა, რომელიც მოიცავს ასა-ს მქონე პირთათვის:
- დამოუკიდებელი ცხოვრების უნარების გაძლიერებას;
- სოციალური და კომუნიკაციური უნარ-ჩვევების განვითარებას;
- მხარდაჭერასა და კომუნიკაციას;
- ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ პროგრამებს;
- პროფესიული მომზადების / გადამზადების პროგრამებს;
- სოციალურ სერვისებსა და საცხოვრებელ პროგრამებს;
- მხარდაჭერის ჯგუფებსა და ორგანიზაციებს.
ამდენად, მოგმართავთ იხელმძღვანელოთ ეროვნული კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებებით და უზრუნველყოთ საქართველოს 2025 წლის ბიუჯეტის პროექტში 18 წლის ზემოთ ასა-ს მქონე პირთათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი სერვისებისათვის (შესაბამისი პროგრამის მიწოდებისთვის) საჭირო თანხების ასახვა. პროგრამა უკვე გაწერილი და განფასებულია მშობელთა ორგანიზაციის “აუტიზმის კვლევის და ხელშეწყობის ფონდი”-ს მიერ და გასაცნობად გადაგზავნილია იძულებით გადაადგილებულ პირთა, ჯანმრთელობის, შრომის და სოციალური დაცვის სამინისტროში.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ველით აღნიშნულ მოთხოვნაზე მყისიერ რეაგირებას, რათა ქვეყანაში ასა-სთან დაკავშირებული საჭიროებები გახდეს უწყვეტი მხარდაჭერის საგანი, რამეთუ ეს მხარდაჭერა არა მხოლოდ ასა-ს მქონე პირთა ცხოვრების ხარისხის ოპტიმიზებაზეა მიმართული, არამედ ასა-ს მქონე პირთა და მათი ოჯახების ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვაზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.