2025 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს ახლად დაარსებული წიგნის ასოციაცია წარადგენს

პუბლიკა

2025 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, რომელიც 15-19 ოქტომბერს გაიმართება, ქვეყანას ახლად დაარსებული საქართველოს წიგნის ასოციაცია წარადგენს.

ასოციაცია 22 წევრ ორგანიზაციას აერთიანებს, როგორც დიდ და პატარა გამომცემლობებს, ისე წიგნის მაღაზიებს. ის 2025 წლის თებერვალში საგამომცემლო სექტორში არსებული გამოწვევების საპასუხოდ დაარსდა.

„ტრადიციულად, პროტესტის წინა ხაზზე მდგომი ქართველი გამომცემლები, მწერლები, მთარგმნელები და ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლები სოლიდარობას უცხადებენ საქართველოს მოსახლეობის შეუპოვარ ბრძოლას სამართლიანობის, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე მონაწილეობა და საქართველოს კოლექტიური სტენდის წარდგენაც სწორედ ამ მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამოხატულებაა. სტენდის თემატიკაც — “Georgian Characters Standing up for Democracy and Freedom”— საქართველოში არსებული პოლიტიკური მდგომარეობის ამსახველი და გამომხატველია“.

ასოციაციის მიერ გავრცელებულ პრესპრესლიზში ვკითხულობთ, რომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე მონაწილეობას საქართველოს კოლექტიური სტენდის სახელით წელს საქართველოს წიგნის ასოციაციის 9 წევრი ორგანიზაცია მიიღებს:

  • ბუქმარკი – წიგნები ვაკეში
  • გამომცემლობა არტანუჯი
  • გამომცემლობა ინტელექტი
  • გამომცემლობა პალიტრა L
  • ზებრა
  • ზიარი
  • პოლინომიალი
  • სოვლაბ
  • სულაკაურის გამომცემლობა

ასევე, საქართველოს კოლექტიური სტენდის ფარგლებში ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე მონაწილეობას იღებს საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობა.

15-19 ოქტომბერს საქართველოს კოლექტიური სტენდის პროგრამის ფარგლებში 12 ლიტერატურული ღონისძიება გაიმართება. პროგრამისა და ღონისძიებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას იხილავთ აღნიშნულ ბმულზე.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს წიგნის ასოციაციის სპონსორები არიან:

  • სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
  • საქართველოს უნივერსიტეტი

„პუბლიკა“ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ასოციაციის მონაწილეობასთან დაკავშირებულ პრესპრელიზს უცვლელად გთავაზობთ.

2025 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, რომელიც 15-19 ოქტომბერს გაიმართება, ქვეყანას პირველად წარადგენს ახლად დაარსებული საქართველოს წიგნის ინდუსტრიის ასოციაცია.

საქართველოს წიგნის ასოციაცია 2025 წლის თებერვალში საგამომცემლო სექტორში არსებული გამოწვევების საპასუხოდ დაარსდა. ასოციაცია იმ ორგანიზაციების ინიციატივით შეიქმნა, რომლებმაც საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია პროტესტის ნიშნად დატოვეს. დაარსების დღიდან ასოციაცია წიგნის ინდუსტრიაში გამჭვირვალობის, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული ღირებულებების მხარდაჭერას ისახავს მიზნად და დღეისათვის 22 წევრ ორგანიზაციას აერთიანებს, როგორც დიდ და პატარა გამომცემლობებს, ისე წიგნის მაღაზიებს.

2025 წლის ოქტომბერში ერთი წელი შესრულდება საქართველოს საპარლამენტო არჩევნებიდან, რომლის გამოცხადებულმა შედეგებმა ქვეყანაში მწვავე პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია. გაყალბებულ არჩევნებად მიჩნეული შედეგების გამოცხადებიდან ერთი თვის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროპული კურსიდან, ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანიდან გადაუხვია და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ საჯაროდ განაცხადა.

პროტესტმა, რომელიც დღემდე გრძელდება, რამდენიმე თვის განმავლობაში უწყვეტი მასობრივი აქციების სახე მიიღო, სადაც ასობით ათასი ადამიანი მონაწილეობს. პროტესტის ჩახშობის მცდელობისას პოლიციამ სასტიკად იძალადა მოქალაქეებზე — მომიტინგეები სცემეს, დააკავეს, აწამეს, ხოლო ათეულ ადამიანს სარწმუნო მტკიცებულებების გარეშე მძიმე ბრალდებები წაუყენეს. დაკავებულთა შორის არიან კულტურისა და საგანმანათლებლო სფეროს გამორჩეული წარმომადგენლები. 2025 წლის სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში თითქმის 70 სინდისისა და პოლიტიკური პატიმარია, რომელთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.

ტრადიციულად, პროტესტის წინა ხაზზე მდგომი ქართველი გამომცემლები, მწერლები, მთარგმნელები და ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლები სოლიდარობას უცხადებენ საქართველოს მოსახლეობის შეუპოვარ ბრძოლას სამართლიანობის, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე მონაწილეობა და საქართველოს კოლექტიური სტენდის წარდგენაც სწორედ ამ მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამოხატულებაა. სტენდის თემატიკაც — “Georgian Characters Standing up for Democracy and Freedom”— საქართველოში არსებული პოლიტიკური მდგომარეობის ამსახველი და გამომხატველია.

საქართველოს წიგნის ასოციაციის წევრები არაერთი წელია იღებენ მონაწილეობას ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, 2025 წელსაც ისინი საქართველოს კოლექტიური სტენდის სახელით წარდგებიან და საერთაშორისო საგამომცემლო საზოგადოებას ქართველ ავტორებს, გამომცემლობებსა და თანამედროვე ქართულ ლიტერატურას წარუდგენენ”.