„ქართული ოცნების“ პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები.
საკანონმდებლო პაკეტი განსაზღვრავს, რომ 2026 წლის 1 იანვრიდან ერთი წლის განმავლობაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიწის სპორადულ რეგისტრაციას განახორციელებს.
რას ნიშნავს სპორადული რეგისტრაცია – მიწის რეგისტრაცია დაინტერესებული პირის მიმართვისა და წარმოდგენილი საჭირო დოკუმენტაციის საფუძველზე.
კანონპროექტის ინიციატორები ამბობენ, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მნიშვნელოვან შედეგს მიაღწიეს. სისტემური რეგისტრაციის პროგრამა 2026 წლის პირველ იანვრამდე სრულდება. მფლობელებს, რომლებმაც სისტემური რეგისტრაციის დროს სერვისით სარგებლობა ვერ მოახერხეს, მიმართვის საფუძველზე მიწის რეგისტრაციის შესაძლებლობა ეძლევათ.
კანონპროექტის მიხედვით, 2027 წლის 1 იანვრამდე სააგენტომ უნდა უზრუნველყოს:
- საქართველოს მუნიციპალიტეტებში (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა) თვითნებურად დაკავებულ ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება;
- წარმოდგენილ დოკუმენტაციაში ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა.
კანონპროექტის მიხედვით, მუნიციპალიტეტებს 2027 წლის 1 იანვრამდე შეუჩერდებათ უფლებამოსილება, აღიარონ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლება, გასცენ ცნობა საკარმიდამო მიწისნაკვეთზე, დაადგინონ მიწის ნაკვეთის იდენტურობა და სხვა;
საკუთრების უფლების აღიარება და იდენტურობის დადგენა განხორციელდება იმ წესით, რაც დადგენილია სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიული არეალებისთვის.
სპორადული რეგისტრაციის საფასურს მთავრობა განსაზღვრავს.
გარდა ამისა, კანონს „სახელმწიფო ამზომველის“ ცნება ემატება.
პროექტის მიხედვით, „სახელმწიფო ამზომველი“ არის აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შემსრულებელი პირი, რომელიც კანონის მოთხოვნათა შესაბამისადაა სერტიფიცირებული.
სახელმწიფო ამზომველი ტოპოგრაფიული, გეოდეზიური და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით სამუშაოებს შეასრულებს.
სახელმწიფო ამზომველის პარალელურად მუშაობას გააგრძელებენ კერძო ამზომველებიც და მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, თავად აირჩიოს, რომელი მომსახურებით ისარგებლოს. კერძო ამზომველის შესრულებული სამუშაო, შესაძლოა, გადაამოწმოს სახელმწიფო ამზომველმა.
„ოცნების“ პარლამენტში განხილვის დროს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, გიორგი დგებუაძემ განაცხადა, რომ მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში გამოვლინდა, რომ უკვე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საზღვრების გასწორება საჭირო გახდა დაგეგმილზე გაცილებით მეტ მიწის ნაკვეთზე; გამოიკვეთა, რომ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთების რაოდენობა 2.5-ჯერ აღემატებოდა საპროგნოზო მაჩვენებელს.
მისივე თქმით, სისტემური რეგიტსრაციის დასკვნით ეტაპზე გაიზარდა იმ მოქალაქეთა მომართვიანობა, რომლებიც შიდა ან გარე მიგრაციის ან სხვა მიზეზთა გამო არ იყვნენ ჩართული საველე სამუშაოებში.
მინისტრის მოადგილემ სისტემური რეგისტრაციის შედეგებზეც ისაუბრა.
სისტემური რეგისტრაციის განმავლობაში – 2022-2025 წლების მონაცემებით, აიზომა 2 094 707 მიწის ნაკვეთი, რომელთა ჯამური ფართობი 1 101 570 ჰა-ს შეადგენს.
უწყების წარმომადგენლის ცნობით, 2025 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით, ქვეყნის საკადასტრო დაფარულობა 95%-ზე მეტია.
2022-2025 წლებში მიწის მესაკუთრე გახდა 1 469 581 მოქალაქე.