2026 წლამდე, ყოველწლიურად, საჯარო სამსახურში ხელფასი დაახლოებით 10%-ით გაიზრდება - მინისტრი

პუბლიკა

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2026 წლამდე, ყოველწლიურად, საჯარო სამსახურში ხელფასი დაახლოებით 10%-ით გაიზრდება.

მისი თქმით, გასულ წელს, როდესაც დამტკიცდა სახელმწიფო ბიუჯეტის კანონი, განსაზღვრული იყო გარკვეული პრინციპები, როგორ უნდა მოწესრიგებულიყო საჯარო სამსახურში შრომის ანაზღაურების ნაწილი. შესაბამისად, დაევალა საქართველოს მთავრობას, წარედგინა პარლამენტისთვის კანონპროექტი.

როგორც ის ამბობს, ამ საკითხის შესახებ მთავრობის სხდომაზე იმსჯელეს და  ის ძირითადი პრინციპებიც განისაზღვრა, როგორ უნდა დარეგულირდეს აღნიშნული საკითხი უკვე გრძელვადიან პერიოდში.

„განისაზღვრა გარკვეული მიმართულებები, რასაც უნდა ეფუძნებოდეს საჯარო სამსახურში შრომის ანაზღაურების ნაწილი. ეს მიმართულებები შემდეგია:

2026 წლის პირველი იანვრიდან საბაზისო თანამდებობრივი სარგო უნდა განისაზღვროს იმ პროცენტული მაჩვენებლით, რა პროცენტულადაც ბოლო ოთხი კვარტლის განმავლობაში გაიზრდება არასახელმწიფო სექტორში საშუალო ხელფასი.

ასევე, 2026 წლიდან საბაზისო თანამდებობრივი სარგო უნდა განისაზღვროს ისე, რომ საშუალო ხელფასი სახელმწიფო სექტორში არ იყოს არასახელმწიფო სექტორში არსებული საშუალო ხელფასის 80%-ზე ნაკლები და 90%-ზე მეტი.

განისაზღვრა დიაპაზონი, რა დიაპაზონშიც უნდა იყოს საჯარო სამსახურში ხელფასების საშუალო დონე შედარებით კერძო სექტორთან მიმართებით. ეს ნიშნავს, რომ გარკვეულწილად, დღევანდელი მოცემულობით, გვაქვს ვითარება, რომ საჯარო სამსახურში ხელფასების საშუალო დონე დაახლოებით 74%-ს შეადგენს კერძო სექტორთან მიმართებით, რაც ისტორიულად ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. წლების განმავლობაში ეს მაჩვენებელი გარკვეულწილად იცვლებოდა, 93-94%-იც კი იყო, თუმცა 2021 წლისთვის ეს მაჩვენებელი შემცირებულია 74%-მდე.

კრიტერიუმები, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ნიშნავს იმას, რომ მომდევნო წლების განმავლობაში, 2026 წლამდე საჯარო სამსახურში ხელფასების ოდენობა გაიზრდება დაახლოებით 10%-ით ყოველწლიურად, რათა მიღწეული იქნას ის პარამეტრები, რაზეც ვისაუბრე“, – განაცხადა მინისტრმა.

როგორც ფინანსთა მინისტრი ამბობს, აღნიშნული პარამეტრები განიხილება კანონმდებლობის დონეზე, როდესაც წარადგენენ სახელმწიფო ბიუჯეტის კანონს. შესაბამისად, აღნიშნულ კანონში აისახება მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილება.