2026 წლის ბოლოსთვის ყველა საჯარო სკოლა ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება - ჩხენკელი

პუბლიკა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სამუშაო შეხვედრა გამართეს, სადაც სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030 წლების სახელმწიფო სტრატეგიის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს.

ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, სახელმწიფო სტრატეგიის  პრიორიტეტული მიმართულებაა სახელმწიფო ენის სწავლება და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოქალაქეებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება სკოლამდელი განათლების დაწესებულებებსა და სკოლებში ბილინგვური სწავლების დანერგვის მნიშვნელობაზე გაამახვილა და განაცხადა, რომ 2021 წელს განათლების სისტემაში პირველად, სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში ბილინგვური განათლების დანერგვა დაიწყო.

მისი თქმით, გრძელდება აქტიური მუშაობა სასწავლო პროცესში ეროვნულ უმცირესობათა ინტეგრაციის მიმართულებით – ვითარდება ორენოვანი ადამიანური კაპიტალი, რაც ეროვნული სასწავლო გეგმის ბილინგვური მიდგომით დანერგვის პროცესში ადგილობრივი ორენოვანი და დამხმარე მასწავლებლების ჩართვას გულისხმობს.

მისივე თქმით, ინტენსიურად მიმდინარეობს  ბილინგვური საგანმანათლებლო რესურსის შექმნის პროცესიც.

მიხეილ ჩხენკელმა ასევე განაცხადა, რომ დაიწყო 800 სკოლის მშენებლობა/რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი, რომლის ღირებულება 1 მილიარდი ლარია.

სამინისტროში აბობენ, რომ პროექტის პირველი ეტაპი მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში დაიწყება და ტენდერი 80 ახალი სკოლის მშენებლობასა და 320 სკოლის რეაბილიტაციაზე გამოცხადდება. პროექტის თანახმად, დარჩენილი 400 სკოლის რეაბილიტაციის ტენდერი 2023-2024 წლებში გამოცხადდება და 2026 წლის ბოლოსთვის, ჯამში, 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება.

„შედეგად, 2026 წლის ბოლოსთვის ყველა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება, “- აღნიშნა მინისტრმა.