სამინისტროს ცნობით, 2028-2029 სასწავლო წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები გაორმაგდება, ვინაიდან მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეები სკოლებში სწავლას ერთდროულად დაასრულებენ.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ცვლილება ასევე შეეხება მაგისტრატურის საფეხურს – რადგან საბაკალავრო პროგრამების უმეტესობა 3-წლიანი სწავლების მოდელზე გადავიდა, 2027-2028 სასწავლო წელს საბაკალავრო პროგრამებს დაასრულებს, როგორც 2024, ისე 2025 წელს ჩარიცხული სტუდენტების უდიდესი ნაწილი.
შესაბამისად, 2028-2029 სასწავლო წლისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტებში სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები სტუდენტების ოდენობაც გაიზრდება.
„შეგახსენებთ, რომ რეფორმის ფარგლებში იცვლება ზოგადი განათლების საფეხურის ხანგრძლივობა. სკოლის საშუალო საფეხურის ხანგრძლივობა განისაზღვრება X-XI კლასებით. მე-12 კლასი იქნება არჩევითი და მსურველებს, წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე, შესაძლებლობა ექნებათ, სწავლა გააგრძელონ მე-12 კლასში. მე-11 კლასელებისთვის სკოლებში უზრუნველყოფილი იქნება ორგანიზებული რეპეტიტორიუმი, რაც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, სრულფასოვნად მოემზადონ ეროვნული გამოცდებისთვის“, – ვკითხულობთ სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
განმარტებულია, რომ აღნიშნული სიახლე შეეხება მოსწავლეებს, რომლებიც ახლა მეცხრე კლასში სწავლობენ.