2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ფეხბურთში 6 ქვეყანა უმასპინძლებს - FIFA

პუბლიკა

2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში ერთდროულად 3 კონტინენტის 6 ქვეყანაში გაიმართება. FIFA-ს ცნობით, ჩემპიონატი ამგვარად 100 წლის იუბილეს იზეიმებს.

ესპანეთი, პორტუგალია და მაროკო მსოფლიო ჩემპიონატის თანამასპინძელები იქნებიან, ხოლო ტურნირის გამხსნელი სამი მატჩი ურუგვაიში, არგენტინასა და პარაგვაიში გაიმართება.

„2030 წელს ჩვენ გვექნება უნიკალური გლობალური კვალი, სამი კონტინენტი – აფრიკა, ევროპა და სამხრეთ ამერიკა  და ექვსი ქვეყანა – არგენტინა, მაროკო, პარაგვაი, პორტუგალია, ესპანეთი და ურუგვაი მსოფლიოს გააერთიანებს და ჩვენ ერთად ვიზეიმებთ  ულამაზეს თამაშს, FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატს და მისი 100 წლისთავს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ჩემპიონატი 2030 წლის ივნის-ივლისში გაიმართება. 104 მატჩში იასპარეზებენ 48 ქვეყნის ნაკრები გუნდები. გადაწყვეტილების რატიფიცირება 2024 წელს, FIFA-ს კონგრესზე იგეგმება.