21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს 2023 წელს საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებენ

პუბლიკა

21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს ფეხბურთში, რომელიც 2023 წელს უნდა გაიმართოს, საქართველო და რუმინეთი უმასპინლებენ. გადაწყვეტილება უეფამ გაავრცელა.

ტურნირები რუმინეთის 4 და საქართველოს 4 სტადიონზე ჩატარდება (ბათუმის, ფოთის და 2 თბილისის). გახსნის მატჩს რუმინეთი უმასპინძლებს, ჩემპიონატის ფინალს კი საქართველო, კერძოდ ბათუმის ახალგახსნილი სტადიონი.

ჩემპიონატის დებულების თანახმად, ორივე მასპინძელი ქვეყანა – საქართველო და რუმინეთი ფინალურ ეტაპზე საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის გარეშე ითამაშებს.

„მსგავსი მასშტაბის ტურნირი ჩვენს ქვეყანაში ჯერ არ ჩატარებულა“, – ასე ეხმაურება ფაქტს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი.

ლევან კობიაშვილის თქმით, ტურნირის მასპინძლობა პირველ რიგში მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ მოხდება საქართველოში ფეხბურთის უფრო მეტად პოპულარიზაცია და ხელშეწყობა.

„ეს არის კიდევ ერთხელ დასტური ჩვენი და უეფა-ს წარმატებული თანამშრომლობისა და მხარდაჭერის ჩვენი და ზოგადად ქართული ფეხბურთის მიმართ. კიდევ ერთხელ ვულოცავ ქართული ფეხბურთის თითოეულ გულშემატკივარს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ქართული ფეხბურთის ისტორიაში, რადგან მსგავსი დონის ტურნირისთვის ჩვენს ქვეყანას არ უმასპინძლია“, – აცხადებს კობიაშვილი.