21 წლის ალექსი თირქიამ მედიკამენტური ძილიდან გამოიღვიძა 

პუბლიკა

21 წლის ალექსი თირქიამ მედიკამენტური ძილიდან გამოიღვიძა.

თირქია ანტირუსულ საპროტესტო აქციაზე 3 დეკემბერს დაშავდა. მას სახეში სპეცრაზმელის მიერ ნასროლი გაზის კაფსულა მოხვდა.

თირქია ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული.

კლინიკაში აცხადებენ, რომ 21 წლის ალექსანდრე თირქია მოხსნილია ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან, თუმცა პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა და მძიმე რჩება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანახმად, ინგოროყვას კლინიკის კლინიკური დირექტორის, კახაბერ ჭეილიძის თქმით, მხედველობის ფუნქცია მას შემდეგ შემოწმდება, როცა პაციენტი გაიღვიძებს.

„უკვე მოხერხდა მასთან გარკვეული ტიპის კონტაქტის დამყარება; ასრულებს მარტივ მითითებებს; ეს ამ ეტაპზე  საკმაოდ დიდ მიღწევად მიიჩნევა, თუმცა პაციენტის მდგომარეობა საკმაოდ საყურადღებოა და მძიმე რჩება. ყველაფერი კეთდება მოსალოდნელი გართულებების პრევენციისთვის, რაც ასეთი ტიპის ტრავმას და პოსტოპერაციულ პერიოდს ახასიათებს.

ამ ეტაპზე მხედველობაზე არ არის საუბარი, თუ სიმძიმის მიხედვით დავალაგებთ მიღებულ ტრავმებს, აქ არის პირველ რიგში თავის ტვინის თხემზე ჩატარებული პოსტოპერაციული პერიოდი. ძვლების იმპრესიული მოტეხილობა იყო – შუბლის ძვლების, შუბლის წილის გარკვეული ტიპის დაზიანებით. ასეთ შემთხვევაში თავის ტვინზე უფრო გახლავთ საუბარი, ვიდრე თვალზე.

თვალის მთლიანობა დარღვეული არ იყო, თუმცა ამაზე უფრო დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით მას შემდეგ, რაც ჩატარდება კიდევ ერთხელ ცნობილი ოფთალმოლოგების კონსულტაცია და კიდევ ერთხელ შეფასდება თვალის მდგომარეობა.

მოგეხსენებათ, ძილის დროს შეუძლებელია ამის გაკეთება, უბრალოდ, ფიზიკურად შეიძლება გაისინჯოს, მხედველობის ფუნქცია შენახულია თუ არა. ბუნებრივია, ეს იქნება მას შემდეგ, რაც პაციენტი გამოიღვიძებს და თავის შეგრძნებებს თვითონ გადმოგვცემს“, – განაცხადა კახაბერ ჭელიძემ.