21 წლის გარდაცვლილი Covid-გამოჯანმრთელებული იყო. სავარაუდოდ, გულის გაჩერებით გარდაიცვალა - სამინისტრო

პუბლიკა

სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსის, ამირან გოგიტიძის თქმით, 21 წლის გარდაცვლილი მამაკაცი Covid-გამოჯანმრთელებული იყო. მისი გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ამ ეტაპზე გულის გაჩერებას მიიჩნევენ. გოგიტიძე ამბობს, რომ საკითხზე მიმდინარეობს დამატებითი მოკვლევა. გთავაზობთ მის კომენტარს:

„აღნიშნული პირი იყო Covid-გამოჯანმრთელებული. იგი 3 ოქტომბერს მოთავსდა  საკარანტინო სივრცეში Covid-ინფიცირებულთან კონტაქტის გამო. საკარანტინო პერიოდის გასვლის შემდეგ მოხდა მისი PCR-ტესტირება და დაუდგინდა Covid-ინფექცია.

შემდეგ მოხდა მისი მეთვალყურეობის გაგრძელება Covid-სასტუმროში ექიმის მიერ. პროტოკოლით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდგომ ის გაეწერა 25 ოქტომბერს. შესაბამისად, ის იყო Covid-გამოჯანმრთელებული. მისი დაკრძალვა არ მოხდება კორონავირუსით გარდაცვლილთა პროტოკოლის შესაბამისად. გაწერისას მოხდა მისი შეფასება ექიმის მიერ, თავს გრძნობდა კარგად, დამაკმაყოფილებლად. მას არ აღენიშნებოდა არანაირი სიმპტომი და ჩივილი. რამდენჯერმე მის მიერ მოხდა ექიმთან მიმართვაც, რომ დროზე ადრე დაეტოვებინა საკარანტინო სივრცე, ვინაიდან ის გრძნობდა თავს კარგად.

დღეს იგი ნახეს გარდაცვლილი საცხოვრებელი სახლის ეზოში, ასრულებდა სამუშაოებს. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ამ ეტაპზე შეიძლება მივიჩნიოთ გულის უეცარი გაჩერება, თუმცა ამასთან დაკავშირებით დამატებით მიმდინარეობს მოკვლევა”, – განაცხადა ამირან გოგიტიძემ.

როგორც ის ამბობს, სასწრაფოს არ დაუგვიანია და ბრიგადა გამოძახებიდან გონივრულ დროში მივიდა ადგილზე.