შს სამინისტროს ინფორმაციით, დღეს თბილისში მიმდინარე აქციებზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით ჯამში 46 პირი დააკავა.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, თბილისში, სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებთან მიმდინარეობს საპროტესტო აქციები. იქ სადაც აქციის მონაწილეები გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, ასევე შეეცადნენ ადმინისტრაციული შენობების შესასვლელების ბლოკირებას, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით ჯამში 46 პირი დააკავა”, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოების შენობების შესასვლელების ბლოკირება და მათი საქმიანობის შეფერხება.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის მონაწილეებსა და პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებს, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, პატივი სცენ სამართალდამცველთა საქმიანობას, არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას და დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი“, – ნათქვამია განცხადებაში.
დღეს ოპოზიციის ორგანიზებით პარალელურად რამდენიმე აქცია იმართება. აქცია იმართება ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებთან. აქცია მიმდინარეობს მოდულის შენობასთანაც. აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა.