რას ნიშნავს მეც?! მე არ ვარ „ც“ – წულუკიანი ჟურნალისტს

პუბლიკა

„რაღაც ძალიან ცუდად ახსენებთ ამ „ც“-ს. რას ნიშნავს მეც?! მე ვარ ამ მთავრობის წევრი. მე ვარ ამ პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშნული ამ მთავრობაში ვიცე-პრემიერი და რა თქმა უნდა, მე არ ვარ „ც“, – ასე უპასუხა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტის შეკითხვას, ისიც იმავეს ფიქრობდა თუ არა, რასაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

წულუკიანმა დასძინა, რომ ის ზუსტად იმას ფიქრობს, რასაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამბობს. მან ღარიბაშვილის განცხადების განმარტებაც სცადა:

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამბობს მარტივ რამეს, რომ ის მასშტაბი ომის, რაც გაიშალა, სამწუხაროდ, ჩვენს კონტინეტზე და ამ კონკრეტულ შემთხვევაში უკრაინაში, ამის გაჩერება საეჭვოა შეეძლოს იმ სანქციებს, რომელიც ამუშავდა. საეჭვოა. ღმერთმა ქნას, რომ ასე იყოს…“, – განაცხადა წულუკიანმა.

მინისტრმა აღნიშნა ისიც, რომ „საქართველოს გამოვლილი აქვს ის, რასაც ახლა გადის უკრაინელი ხალხი:

„საქართველოს აქვს ის შესაძლებლობები, რაც აქვს. მტკივნეულია თქვენთვის, ეს მოისმინოთ ყურში იმიტომ, რომ საქართველო არ არის ყოვლისშემძლე. საქართველო არის პატარა ქვეყანა. საქართველო არის ოკუპირებული ქვეყანა და ჩვენ გამოვლილი გვაქვს ის, რასაც ახლა გადის ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხი. ამიტომაც ცოტა სხვანაირად გავაანალიზოთ მოვლენები. გავაგრძელოთ ბოლომდე, რასაც შევძლებთ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა – იქნება ეს პოლიტიკური“, – ამბობს თეა წულუკიანი.

მისივე თქმით, „მნიშვნელოვანია საქართველოს ეროვნული ინტერესი“:

„ეროვნული ინტერესი არის ამ ქვეყანაში ომის დაუშვებლობა – ამ ქვეყანაში თქვენი, თითოეული მოქალაქის დაცულობა. ეს არის ეროვნული ინტერესი და რა თქმა უნდა, ყველა იმ განცხადებას, რომელსაც აკეთებს პრემიერ-მინისტრი… ამ განცხადებების უკან მთელი მთავრობა ვართ ერთსულოვანი“, – განაცხადა კულტურის მინისტრმა.


პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ის, როგორ პრემიერი, არასოდეს მიიღებს ხალხის ინტერესების დამაზიანებელ გადაწყვეტილებებს. მისივე შეფასებით, დასავლეთისა და ამერიკის სანქციები ეფექტიანი არაა.