22:00-ის შემდეგ მოქმედებს კანონი ყველასთვის, რეაგირება მოჰყვება შესაბამისი - კალაძე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ 22:00-მდე აქციის გამართვის შესაძლებლობა ყველას აქვს, ამის შემდეგ კი კანონი ყველასთვის მოქმედებს – დარღვევის შემთხვევაში, მისი თქმით, რეაგირება მოჰყვება ყველაფერს.

„აქციის გამართვის შესაძლებლობა ნებისმიერ ადამიანს აქვს. 22:00-ის შემდეგ კი მოქმედებს კანონი ყველასთვის როგორც ჩემთვის, თქვენთვის, თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქისთვის“, – განაცხადა კალაძემ.

მას ჟურნალისტებმა გააცნეს აქციის ორგანიზატორების პოზიცია, რომ ისინი არ აპირებენ რეგულაციების დამორჩილებას:

„რეაგირება მოჰყვება შესაბამისი, კანონით გათვალისწინებული“, – განაცხადა კალაძემ.

ჟურნალისტებმა დააზუსტეს, რას გულისხმობდა კალაძე რეაგირებაში – კანონის მიხედვით აქციის დაშლას, თუ გადაადგილების აკრძალვისთვის დაწესებულ 2000-ლარიან ჯარიმას.

„ნუ, რაც არის, რაც არის, მოყვება რეაგირება“, – განაცხადა კალაძემ.

მას შემდეგ, რაც ცესკოსთან საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა კიდევ ერთხელ გამოიყენეს წყლის ჭავლი, ოპოზიციის ლიდერებმა, ალეკო ელისაშვილმა და ნიკა მელიამ საზოგადოებას მოუწოდეს, რომ დაშლილიყვნენ და მომდევნო დღეს, ანუ 9 ნოემბერს 18:00 საათზე რუსთაველის გამზირზე შეკრებილიყვნენ.

ორშაბათიდან, 9 ნოემბრიდან, მთავრობის გადაწყვეტილებით, დიდ ქალაქებში 22 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილება შეიზღუდება.