გიორგი თაბაგარს მოსამართლემ სიტყვიერი შენიშნვა გამოუცხადა

პუბლიკა

„თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი თაბაგარი სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა ადმინისტრაციული სახდელი არ დააკისრა. საქმეზე მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა მას მხოლოდ სიტყვიერი შენიშნვა გამოუცხადა.

თაბაგარს შსს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებოდა, რაც გულისხმობს პოლიციელის მიმართ დაუმორჩილებლობას, ან ამ პირის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელ ქმედებას. მუხლი ითვალისწინებს დაჯარიმებას 2 000-იდან 3 000 ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

ამავე კოდექსის მიხედვით, თუ ჩადენილია მცირემნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, მოსამართლეს შეუძლია, გაათავისუფლოს დამრღვევი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და დასჯერდეს სიტყვიერ შენიშვნას.

როგორც „პუბლიკასთან“ თაბაგარის ადვოკატი გიორგი ტაბატაძე ამბობს, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებენ. მისი თქმით, თაბაგარის სიტყვები ჯდებოდა გამოხატვის თავისუფლებაში.

მისივე განმარტებით, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონის მე-9 მუხლით, შეიძლება დაწესდეს სიტყვისა და გამოხატვის შინაარსობრივი რეგულირება, თუ ეს ეხება მათ შორის პირისპირ შეურაცხყოფას. ადვოკატი ამბობს, რომ თაბაგარის შემთხვევა იყო სატელეფონო და ის ასევე ვერ შექმნიდა ძალადობის საფრთხეს.


წინა პროცესზე სასამართლოში შსს-მ თაბაგარის facebook-პოსტი წარადგინა, სადაც ის წერს, რომ პოლიციელს აგინა.

„დღეს აბსურდისტანის სასამართლო პროცესი მქონდა. 5 ივლისს, სატელეფონო ზარის დროს პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფის საქმეზე.

ბრალმდებელი მხარე უმაღლეს ზომას, პატიმრობას მოითხოვს! 

მაინც შეგახსენებთ, რომ ეს იმ ქვეყანაში ხდება, სადაც 5 ივლისის არც ერთი ორგანიზატორის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დამდგარა. არც კი დავუბარებივარ გამოკითხვაზე ვინმეს..”, – წერს თაბაგარი facebook-ზე.

თაბაგარის განმარტებით, საქმე ეხება 5 ივლისს მასსა და პოლიციელს შორის შემდგარ სატელეფონო საუბარს, რა დროსაც, მისი თქმით, პოლიციელს აგინა.

„ალბათ, იკითხავთ რა მოხდა 5 ივლისსო? 2-3 საათია ალბათ 5 ივლისს და მეოთხე ადგილიდან ევაკუაციის პროცესში ვართ, ოფისები უკვე დარბეულია და ტერორისტები ქუჩებში ბოგინებენ, დაგსვდევენ პირდაპირი მნიშვნელობით და პოლიცია არ მინახავს თვალით არსად. ასეთ დროს, მანქანით მივდივართ მორიგ ლოკაციაზე და მირეკავს ეს პოლიციელი, მშვიდად მეუბნება, რომ ოფისის დარბევის ფაქტზე გირეკავთ და იქნებ კარი გაგვიღოთ, რომ ზარალი აღვწეროთ და გამოძიება დაიწყოსო. იმდენად არაადეკვატური იყო ეს ზარი მთელი თავისი არსით, რომ ამ ტიპს ვაგინე. პოლიცია, რომელიც არსად არ იყო იმ დღეს, სადაც სიცოცხლის მოსპობის რეალური რისკები იდგა, 5 ივლისს 3 საათზე მირეკავდა ოფისის კარი გამიღე, რომ დავათვალიეროთო”, – წერდა თაბაგარი facebook-ზე.