23 აპრილს უკრაინის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და აშშ-ის წარმომადგენლები ლონდონში მოლაპარაკებებს გამართავენ

პუბლიკა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ X-ზე დაწერა, რომ ოთხშაბათს, 23 აპრილს, შეერთებული შტატები, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი ლონდონში მოლაპარაკებებს გამართავენ. მანამდე წყაროებზე დაყრდნობით შეხვედრის შესახებ ინფორმაცია Bloomberg-მა გაავრცელა.

„ჩვენ მზად ვართ წინსვლისთვის, რაც შეიძლება კონსტრუქციულად, ისევე როგორც ადრე, რათა მივაღწიოთ უპირობო ცეცხლის შეწყვეტას, რასაც მოჰყვება რეალური და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარება“, – დაწერა ზელენსკიმ.

Bloomberg-ის ცნობით, მოლაპარაკებებს აშშ-ის მხრიდან დაესწრებიან სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და სპეციალური წარმომადგენლები სტივ ვიტკოფი და კიტ კელოგი.

Wall Street Journal-ის ცნობით, ვაშინგტონმა კიევს წარუდგინა წინადადებები ომის დასრულების შესახებ, რომელიც მოიცავს აშშ-ს მიერ ყირიმის ანექსიის აღიარებას და უკრაინის უარს ნატოში გაწევრებაზე. წინადადებებს, სავარაუდოდ, ოთხშაბათს მოლაპარაკებებზე განიხილავენ. შეთანხმების შემთხვევაში, შემდეგი ნაბიჯი, სავარაუდოდ, სტივ ვიტკოვის მორიგი ვიზიტი იქნება რუსეთში.

RBC-Ukraine და Suspilne წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ ინფორმაციას, რომ უკრაინის მხრიდან შეხვედრას დაესწრებიან: პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა, თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი და პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილე პაველ პალისა.

ეს არის სამშვიდობო მოლაპარაკებების დელეგაციის შემადგენლობა, რომელიც ზელენსკიმ მარტში დანიშნა საუდის არაბეთში უკრაინისა და აშშ-ის წარმომადგენლების პირველი შეხვედრისთვის.