23 მაისიდან ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო თბილისში პატრონიანი ცხოველების მონიტორინგს იწყებს

პუბლიკა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო 23 მაისიდან თბილისში, პატრონიანი ცხოველების მოვლა-პატრონობის პირობების გაუმჯობესებისა და მეპატრონეების ცნობიერების ამაღლების მიზნით იწყებს პროგრამას – „კარდაკარ“. ამის შესახებ სააგენტოს დირექტორმა, გიორგი კობიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პროექტის ფარგლებში იწყება კარდაკარის პრინციპით პატრონიანი ცხოველების შემოწმება.

კობიაშვილის თქმით, ადამიანი, რომელსაც სახლში ჰყავს შინაური ცხოველი ვალდებულია, რომ „დაჩიპოს“, გაუკეთოს სტერლიზაცია-კასტრაცია და ვაქცინაცია. შესაბამისად, პროექტის ფარგლებში სწორედ ამ საკითხების მონიტორინგი მოხდება და ასევე შემოწმდება ცხოველის მოვლა-პატრონობის პირობები.

როგორც კობიაშვილი განმარტავს, პროექტი ეხება მხოლოდ იმ ადამიანებს, ვისაც სახლში შინაური ცხოველი ჰყავს და არ ეხებათ მიუსაფარი ცხოველების მიმკედლებლებს. 

„ჩვენი სააგენტოს თანამშრომლები წინასწარ გაწერილი მარშრუტით კარდაკარ, ბინებზე გადაადგილდებიან და შემდეგ საკითხებს შეამოწმებენ: ცხოველების სტერილიზაციას, კასტრაციას, რეგისტრაციას, იდენტიფიკაციას, ვაქცინაციას.

შეიქმნება სპეციალური ბაზა, სადაც ცხოველების მეპატრონეების აღრიცხვა მოხდება. დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, აუცილებლად, ამ ბაზაში აღრიცხვა მოხდება, კერძოდ, თუ სად მოხდა და რა სახის დარღვევა მოხდა. შემდეგ აუცილებლად გადამოწმდება, თუ რამდენად შეასრულეს მეპატრონეებმა თავიანთი ვალდებულებები.

ამ პროექტის მიზანია, რომ პირველ რიგში, მეპატრონეების აღრიცხვა მოხდეს, ასევე, მოხდეს ცხოველების მოვლა-პატრონობის პირობების შემოწმება და მათი კეთილდღეობის ამაღლება. ასევე, მოხდეს ცხოველების რეგისტრაცია და იდენტიფიკაცია

რეგისტრაცია-იდენტიფიკაციის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ჩვენ მისამართზე, ადგილზე, მეპატრონეებს ცხოველების „ჩიპირებას“ და რეგისტრაციას შევთავაზებთ. ამის სანაცვლოდ მეპატრონეებს მოუწევთ „ჩიპის“ თვითღირებულების, მხოლოდ 19 ლარის გადახდა“, – განაცხადა გიორგი კობიაშვილმა.

შეკითხვეაზე, იმ შემთხვევაში თუ მეპატრონის მხრიდან დარღვევა აღმოჩნდება, რა პროცედურები იქნება შემდეგ, კობიაშვილი პასუხობს, რომ პირველ ეტაპზე, სააგენტოს თანამშრომლების მხრიდან შინაური ცხოველების მეპატრონეების გაფრთხილება, ინფორმაციის მიწოდება მოხდება და შემდეგ ეტაპზე, თუ მათი მხრიდან დარღვევა არ აღმოიფხვრება, თბილისის საკრებულოს მიერ დადგენილი თანხის ოდენობით დაჯარიმდებიან.

„პირველ ეტაპზე, ცნობიერების ამაღლების მიზნით ინფორმაციის მიწოდება მოხდება, თუ რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს ცხოველი და რა ვალდებულებები აქვს მეპატრონეს. ჩვენს ბაზაში დარღვევის აღწერა მოხდება და აუცილებლად, შემდეგ გადამოწმება მოხდება, თუ რამდენად შეასრულა, ეს ვალდებულება მეპატრონემ. პირველ ეტაპზე გაფრთხილება მოხდება და შემდეგ ეტაპზე, თუ არ მოხდება, ამ დარღვევის გამოსწორება, მეპატრონის დაჯარიმება იმ ოდენობით მოხდება, რაც თბილისის საკრებულოს დადგენილებით მიხედვით გათვალისწინებულია“, – თქვა მან.

კობიაშვილი ამბობს, რომ პროექტი 23 მაისიდან დაიწყება და სავარაუდოდ, წლის ბოლომდე განხორციელდება.