თვითონ გადაუსვეს ხაზი თვითმმართველობის ცნებას - ღარიბაშვილი ოპოზიციაზე

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციამ თვითონ გადაუსვა ხაზი მუნიციპალიტეტის არჩევნებს, ადგილობრივ თვითმმართველობის ცნებას, კონსტიტუციას და კანონს, როცა მათ თვითმმართველობის არჩევნები შესაძლო რიგგარაშე საპარლამენტო არჩევნებს დაუკავშირეს.

პრემიერი ამ განცხადებით გამოეხმაურა ოპოზიციის კრიტიკას მის მიერ გუშინ, სენაკში გაკეთებულ განცხადებაზე, რომ მერობის ოპოზიციონერი კანდიდატის კობა ნაყოფიას არჩევის შემთხვევაში, ის ნაბიჯს ვერ გადადგამს, რადგან ცენტრალური ხელისუფლება „ქართული ოცნების“ იქნება.

„ძალიან მოხვდათ გუშინ – მე გუშინ განცხადება გავაკეთე და მაშინ როცა ვიყავი სენაკში ასული, ასეთი მაგალითი მოვიყვანე… და ვთქვი, შედარება გავაკეთე, რომ რა უნდა გააკეთოს ჩვენი კანდიდატი რომ არ იყოს არჩეული მერი, მან რა უნდა შეძლოს ცენტრალური ხელისუფლების გარეშე. ის შეძლებს მინიმუმს, რაც მას აქვს განსაზღვრული ბიუჯეტის ფარგლებში. გუშინ მოვისმინეთ მათი [ოპოზიციის] დემაგოგია..

როდესაც გამოგონილი, აბსურდული ე.წ. რეფერენდუმი მოიგონეს და თვითმმართველობის არჩევნებს მიაბეს და დათქმა ჩაგვადებინეს იმ შეთანხმებაში და დაუკავშირეს შესაძლო რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები თვითმმართველობის არჩევნებს, ამით ხომ ხაზი გადაუსვეს ყველაფერს – მუნიციპალიტეტის არჩევნებს, ადგილობრივ თვითმმართველობის ცნებას თვითონ, კონსტიტუციას, კანონს – ყველაფერს აბსოლუტურად.

ერთის მხრივ, მთელი კონსტიტუცია საერთოდ უგულვებელჰყვეს – კანონი, თვითთმმართველობის ცნება მთლიანად და გუშინ, რაც მე სიმართლე ვთქვი და ასეც არის იმიტომ, რომ თითოეულ მუნიციპალიტეტში, რეგიონში, მხარეში, იქ უამრავი ცენტრალური მთავრობის წარმომადგენელი სამსახურები არსებობს და მერს გინდა, არ გინდა, უწევს კოორდინაცია, ურთიერთობა.

ამას გარდა, მე მაქვს ძალიან ამბიციური გეგმები და არ მცალია არც კობა ნაყოფიასთვის და არც ანზორ მელიასთვის და მათ ვერ დაველოდებით ამ საქმის გასაკეთებლად. ერთი მინდა ვთქვა – მაქვს გეგმები, რომ ბიუჯეტი გავუზარდო თვითთმმართველობის ორგანოებს, მუნიციპალიტეტებს. ძალიან მასშტაბური განახლების პროექტების დაფინანსებას ვგეგმავთ , განახლებული რეგიონების ფარგლებში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ჟურნალისტმა პრემიერ-მინისტრს ჰკითხა, თუ გაუზრდის ცენტრალური ხელისუფლება დაფინანსებას ოპოზიციონერ მერებსაც: 

„ოპოზიციონერი მერი ვერ გაიმარჯვებს იმიტომ, რომ ხალხი არის ბრძენი და ხალხი მოძალადეს და კასტილებიან და მკვლელებს და მჩაგვრელებს აღარ აირჩევს“, – უპასუხა პრემიერმა.


პრემიერის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა „ენმ“-ის ქუთაისის მერობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე და აღნიშნა, რომ „ღარიბაშვილს არ ესმის, რას ნიშნავს სახელმწიფო, არჩევნები, დემოკრატია. ასევე არ ესმის, ზოგადად, როგორია საქართველოს მოსახლეობის ინტერესი“.