ბრიტანეთის ელჩი: გადავწყვიტეთ, გაგვეყინა საქართველოსთან „უორდროპის დიალოგი“, შევაჩერეთ კიბერუსაფრთხოების ახალი პროგრამა

პუბლიკა

დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში გარეტ უორდი „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ მისმა ქვეყანამ, საქართველოს მთავრობის ქმედებებზე საპასუხოდ, პირველად 10 წლის განმავლობაში,  ყოველწლიური, მაღალი რანგის „უორდროპის დიალოგი“ გაყინა, გააუქმა თავდაცვის შტაბებს შორის დაგეგმილი მაღალი რანგის მოლაპარაკებები და შეაჩერა ახალი კიბერუსაფრთხოების პროგრამა.

ელჩი ამბობს, რომ გასული წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ განსხვავებული კურსი არჩია და მას თბილისში ჩამოსვლის პირველივე თვეებში მოუწია, გამოეხატა შეშფოთება დემოკრატიის უკუსვლისა და ანტიდასავლური რიტორიკის შესახებ.

ინტერვიუში ის საუბრობს რუსულ კანონზე, ასევე „ოცნების“ ლიდერების მხრიდან „შეთქმულების თეორიების პროპაგანდაზე“ და მმართველი გუნდის განცხადებაზე, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ოპოზიციურ პარტიებს არაკონსტიტუციურად ცნობენ.

„დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს, ისევე როგორც სხვა დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობა დააზიანა საქართველოს მთავრობის მხრიდან მიმდინარე წელს გადადგმულმა ნაბიჯებმა. ჩვენ შეშფოთებული ვიყავით, როდესაც პარლამენტმა მიიღო სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის შემზღუდველი კანონი, მიუხედავად იმისა, რომ დაინახა საზოგადოების მხრიდან დიდი წინააღმდეგობა და აიღო ვალდებულება, ეს კანონი აღარ დაებრუნებინა დღის წესრიგში. ჩვენ იმედგაცრუებული დავრჩით, როდესაც „ქართული ოცნების“ ლიდერებმა დაიწყეს შეთქმულების თეორიების პროპაგანდა და გამოთქვამენ ვარაუდებს, რომ დასავლელი პარტნიორები ძირს უთხრიან საქართველოს. შოკირებული ვიყავით, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო პროგრამის დაპირებად ოპოზიციური პარტიების აკრძალვა დასახელდა.

ჩამოთვლილი მიზეზების გამო, პირველად 10 წლის განმავლობაში, ჩვენ, ბრიტანულმა მხარემ, გადავწყვიტეთ, გაგვეყინა ყოველწლიური, მაღალი რანგის „უორდროპის დიალოგი“ მინისტრებს შორის. ასეთი რამ პირველად მოხდა დიალოგის ფორმატის დაარსებიდან. ჩვენ ასევე გავაუქმეთ თავდაცვის შტაბებს შორის დაგეგმილი მაღალი რანგის მოლაპარაკებები და შევაჩერეთ ახალი კიბერუსაფრთხოების პროგრამა. არჩევნების შემდეგ, მიუხედავად იმისა ,თუ ვინ იქნება მთავრობაში, ვიმედოვნებთ, რომ ვიხილავთ ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნების მკაფიო მტკიცებულებებს, რათა აღვადგინოთ ნდობა და დავუბრუნდეთ მჭიდრო პარტნიორობას“, – თქვა გაერთიანებული სამეფოს ელჩმა.