ვინ არიან საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატები

პუბლიკა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობა 12 ადამიანს სურს. კონკურსი 3 ვაკანტურ ადგილზე გამოცხადდა.

განაცხადების შეფასებასა და შემდგომ მათ ინტერვიუირებაზე პარლამენტის მიერ დაკომპლექტებული სპეციალური კომისია იზრუნებს. კომისია განაცხადებიდან შეადგენს, ე.წ. მოკლე სიას, რომლიდანაც  კანდიდატებს შეარჩევენ და დასამტკიცებლად წარუდგენენ პარლამენტს მმართველი პარტია, ოპოზიცია და ომბუდსმენი.

ვინ არიან საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატები და როგორია მათი ხედვით საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფცია?

ვასილ მაღლაფერიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი

როგორც მაღლაფერიძე მაუწყებლის განვითარების კონცეფციაში წერს, საბჭოს წევრად კენჭისყრა გადაწყვიტა, ვინაიდან მიაჩნია, რომ ჯერ გენერალურ დირექტორად, შემდეგ კი პროდიუსერად მუშაობის პერიოდში დაგროვებული გამოცდილება  მაუწყებელს დაეხმარება „ამ გარდამავალ პერიოდში“.

კონცეფციაში მაღლაფერიძე განიხილავს ორ საკითხს, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს: მისი შეფასებით, უახლოესი სამი წლის განმავლობაში „პირველი არხის“ წინაშე მდგარ პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენს ახალ შენობაში გადასვლა, ამიტომ საბჭოსა და მენეჯმენტის ყველა გადაწყვეტილება, მათ შორის, ბიუჯეტთან დაკავშირებით უნდა მიიღებოდეს სწორედ ამ მოვლენის გათვალისწინებით; და მეორე, საბჭო უნდა იქცეს მაუწყებლის დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის დაცვის და კონტროლის უმთავრეს ორგანოდ, რომელიც მუდმივ რეჟიმში დააკვირდება მაუწყბელის მუშაობას.

გუგული მაღრაძე, პარლმენტის ყოფილი წევრი

საკონკურსოს წარმოდგენილი კონცეფციის მიხედვით, მაღრაძე ფიქრობს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის უპირველესი ამოცანა მოსახლეობაში მაუწყებლის მიმართ ნდობის გაზრდააა, რისთვისაც მაუწყებლის პრიორიტეტები უნდა იყოს:

საზოგადოებრივი ინტერესების შესწავლა და ამ ინტერესთა გათვალისწინებით ტელე-რადიო მაუწყებლობის დაკვეთით შექმნილი მრავალფეროვანი პროგრამებისა და გადაცემების მომზადება; მაუწყებლის პლატფორმებზე შემეცნებითი გადაცემების წილის გაზრდა; ჯანსაღი პოლიტიკური ატმოსფეროს შექმნაში აქტიური ჩართულობა და წვლილის შეტანა, რისთვისაც უნდა აღორძინდეს დებატების სისტემა; რეგიონების ცხოვრების სისტემატური ასახვა.

ზაზა ხუციშვილი, პარლმენტის ყოფილი წევრი

ზაზა ხუციშვილი მიიჩნევს, რომ საპარლამენტო გამოცდილება საშუალებას მისცემს, მეურვედ არჩევის შემთხვევაში წვლილი შეიტანოს მაუწყებლის ბიუჯეტის გამჭვირვალობის, პრიორიტეტების სწორად გადანაწილებისა და დაბალანსების საქმეში.

აქვე, ყურადღებას ამახვილებს პრიორიტეტული თემების გაშუქებაზე და გამოყოფს გარემოსდაცვითი მიმართულებებისთვის მეტი აქტუალობის მინიჭების საჭიროებაზე, ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და ჩართულობაზე; ასევე, მიიჩნევს, რომ ჟურნალისტური გამოძიების მიმართულებით მუშაობაა გასაუმჯობესებელი, რითაც კარგად უნდა გამოჩნდეს მაუწყებლის დამოუკიდებლობის ხარისხი.

გიორგი ჭანტურია

როგორც გიორგი ჭანტურია მაუწყებლის განვითარების კონცეფციაში აღწერს, მაუწყებლის განვითარებისთვის აუცილებელია რეგიონული საინფორმაციო დამოუკიდებელი ქსელის შექმნა. ეს კი გულისხმობს, ადგილობრივი მოსახლეობიდან მსურველების მოძიებას, ვინც მზად იქნება თავისი სოფლის, დაბის სიახლეები და პრობლემები თავად გადაიღონ, დაამზადონ სიუჟეტები სხვადასხვა ფორმით.

გარდა ამისა, ჭანტურია ყურადღებას ამახვილებს მაუწყებლის პრიორიტეტული მიმართულებების მიხედვით შექმნილ გადაცემებისა და სიუჟეტების მომზადებაზე, რომლებიც მისი შეფასებით საკითხებში გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით უნდა მომზადდეს.

შესწორება: მასალის თავდაპირველ ვერსიაში გიორგი ჭანტურიას რეგალიად, შეცდომით მითითებული იყო „განათლების კოალიციის“ დირექტორი. შესაბამისად, შეიცვალა ასევე მასალის ფოტოც.

დონარა შონავა, ჟურნალისტი

საკონკურსოდ წარდენილი მაუწყებლის განვითარების კონცეფციაში შონავა წერს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი თავისი მისიიდან გამომდინარე უნდა იყოს მედიაგარემოს მდგრადობის გარანტი, საზოგადოებრივი ფორუმი, სადაც საზოგადოებაში არსებული ყველა კითხვა დაისმება და მათზე პასუხები გაიცემა, სადაც განხორციელდება იდეების, ინფორმაციის, მოსაზრებებისა და კრიტიკის თავისუფელი მიმოსვლა.

ლია შავგულიძე, ჟურნალისტი

წარდგენილ კონცეფციაში ლია შავგულიძე ყურადღებას ამაცვილებს ბოლო პერიოდში საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე, კერძოდ გადაცემა „ახალი კვირის“ წამყვანის, იმედა დარსალიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც მაუწყებელში არსებობს ე.წ. შავი სიები , სადაც შეყვანილია პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტები, რომლებსაც არხის პროდუსერები და საინფორმაციოა სამსახურის ხელმძღვანელი პირები ბლოკავენ.

აქვე წერს, რომ მისი, როგორც წევრის ფუნქცია იქნება საკუთარი გამოცდილება  მოახმაროს საზოგადოებრივი მაუწყებლის ნებსიმიერი პოლიტიკური გავლენებისაგან გათავისუფელბას.

ლაშა ტუღუში,„ლიბერალური აკადემია – თბილისის” დირექტორი და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე.

წარდგენილ დოკუმენტში ლაშა ტუღუში მაუწყებლისთვის სტრატეგიულ ამოცანებსა და გეგმებზე საუბრისას ყურადღებას ამახვილებს რამდენიმე მიმართულებით,- ევროპული ინტეგრაცია, ადამიანის უფლებები, ეთნიკური უმცირესობები, გენდერული თანასწორობა, ფინანსური მართვა და კვლევითი საქმინობა.

მარინა გიორგაძე, ჟურნალისტი

მარინა გიორგაძე მიიჩნევს, რომ მაუწყებელი აუდიტორიას სთავაზობს მრავალფეროვან და საინტერესო გადაცემებს, თუმცა მაუწყებლის სივრცეში დებატების დეფიციტია. მიიჩნევს, რომ საინტერესო ანალიტიკური გადაცემების პარალელურად საჭიროა დაბალანსებული დებატების სივრცის გაჩენა მწვავე და აქტუალურ თემებთან დაკავშირებით, ამისათვის კი ყველაზე მორგებულ ფორმატად თოქშოუებს მიიჩნევს. აქვე ყურადღებას ამახვილებს ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი არაერთი სხვადასხვა ფორმატის გადაცემის საჭიროებაზე, სადაც ახალგაზრდებს მათი ინტერესების, მოსაზრებებისა და შეხედულებების გამოხატვის საშალება მიეცემათ.

გიორგი იასაშვილი

წარდგენილ კონცეფციაში იასაშვილი წერს, რომ საზოგადოებისთვის მაუწყებლის მიერ მიწოდებული ინფორმაცია უნდა იყოს სანდო, მან უნდა გაზარდოს ინტელექტუალური განვითარება, გააფართოვოს ცოდნა, „გააღრმაოს ყურის და თვალის ესთეტიკური სიამოვნება, გაზარდოს ცხოვრების სიამოვნების პლურალისტური საზოგადოება.“

აქევ ნათქვამია, რომ მაუწყელებმა მხოლოდ და მხოლოდ უმაღლესი სამაუწყებლო ჟურნლაისტიკის სტანდარტები უნდა დაამკვიდროს, უზრუნველყოს საჯარო ღონისძიბეების საკითხებისა და იდეეების გაფართოებული გაშუქება, მოიძიოს და აწარმოოს შემეცნებითი/საგანმანათლებლო გადაცემები, ფილემები, სპექტაკლები საზოგადოების განვითრაბეისთვის.

არინა თავაქარაშვილი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი

თავაქარაშვილის მიერ წარდგენილი კონცეფციაში ყურადღება გამახვილებულია მედიაბაზრის სისტემატიურად სიღრმისეულ კვლევის საჭიროებაზე, კვლევებზე დაყრდნობით, ანალიზის საფუძველზე გამოკვეთილილი სხვადასხვა ფენის ინტერესების იდენტიფიცირებაზე და სტარტეგიული ხედვის შემუშავების საჭიროებაზე, რომელმაც უნდა გაზარდოს აქტიურ მაყურებელთა და მსმენელთა რიცხოვნება.

ბელა კოპალიანი

ბელა კოპალიანის ხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებელი მიმართული უნდა იყოს, რომ ხელი შეუწყოს საზოგადოების ზოგად განათლებას, ამისათვის მან სამეცნიერო, კულტურული, შემეცნებითი სახის პროგრამები უნდა მიაწოდოს საზოგადოებას. ამ კუთხით მნიშვნელოვანია მეტი, რეიტინგული პროგრამების მომზადება და შეთავაზება ამავე საზოგადოებისთვის. პარალელურად უნდა მოხდეს შეთავაზებული პროგრამების რეიტინგის მონიტორინგი.

ალექსი ნონიაძე

ალექსი ნონიაძე მიიჩნევს, რომ ყურადღება უნდა გამახვილდეს შემდეგ პრიორიტეტულ მიმართულებებზე: ინფორმაციის მიწოდება 24/7, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, საზოგადოებისთვის სასიცოცხლოდ  მნიშვნელოვანი თემების წინ წამოწევა, მათი გადაჭრის გზების ძიება/გამოვლენა. მაუწყებელი უნდა ინტერესდებოდეს შშმ, სოციალურად დაუცველი , ნარკოტიკებზე დამოკიდებული, რეგიონში მცხოვრები პირების , დევნილების , პენსიონერების, ეთნიკიური უმცირესობების პრობლემებით და დეტალურად აშუქებდეს მათ.

აქვე ყურადღება გამახვილებულია სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის მათი გამოვნებისა და ინტერესების გათვალისიწინებით გასართობი გადაცემების მომზადებზე, მხატვრული ფილემებისა და ტელესერიალების გადაღებაზე.

საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის, მეურვეობის სამი კანდიდატის შესარჩევად ღია კონკურსი 17 მარტს გამოაცხადა. განაცხადების მიღების ვადა 1 აპრილს ამოიწურა. ვადა ეწურება ბორდის სამ წევრს: ბორდის თავმჯდომარეს, ირინა ფუტკარაძეს, რომელიც სახალხო დამცველის კვოტით აირჩა. ირაკლი პაპავას, რომელიც „ქართული ოცნების“ კვოტით იყო არჩეული გია ნიჟარაძეს, რომელიც ოპოზიციის კვოტით აირჩიეს.