ISFED: ამ დროისთვის გამოვლინდა ამომრჩევლის მოსყიდვის 3 შემთხვევა

პუბლიკა

„სამართლიანმა არჩევნებმა” (ISFED) მათი დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

ISFED-ის ხელმძღვანელის, ნინო დოლიძის თქმით, უბნების ნაწილი დარღვევებით გაიხსნა, ასევე დაფიქსირდა მოსყიდვის 3 შემთხვევა და უბნების მიმდებარედ კოორდინატორების მობილიზება შეინიშნება, რომლებიც ამომრჩევლებს აღრიცხავენ.

„სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საარჩევნო უბნების დაახლოებით 75% იყო მზად 8 საათზე კენჭისყრის დასაწყებად და მომდევნო 20 წუთის განმავლობაში თითქმის ყველა საარჩევნო უბანი გაიხსნა. მარნეულში დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც უბანი გაიხსნა ცხრის ნახევარზე.

ორგანიზაციის დამკვირვებლებს უმეტეს საარჩევნო უბანში შესვლის შესაძლებლობა და გახსნის პროცედურების დაკვირვების შესაძლებლობა ჰქონდა, თუმცა, იყო ცალკეული შემთხვევები, როდესაც არ დაუშვეს ორგანიზაციის დამკვირვებლები და ასევე დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ჩვენი დამკვირვებლები უბნიდან გამოაძევეს.

საარჩევნო უბნების მიმდებარედ შეინიშნება კოორდინატორების მობილიზება, რომლებიც საარჩევნო უბანში მისულ ამომრჩევლებს აღრიცხავენ. ამ ეტაპისთვის გვაქვს მოსყიდვის 3 შემთხვევა.

მოსყიდვის შემთხვევა გვაქვს ტყიბულის 1-ლი, ახმეტის მე-17 და ჩუღურეთის მე-3 უბანზე. ერთ შემთხვევაში დავაფიქსირეთ თანხის ოდენობა, რომელიც იყო 100 ლარი“, – განაცხადა დოლიძემ.

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

ISFED-ის ინფორმაციით, #57 ტყიბულის საარჩევნო ოლქის #1 საარჩევნო უბანთან დაფიქსირდა ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის შემთხვევა. „სამართლიანი არჩევნების“ გარე დამკვირვებლის ინფორმაციით, სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა კოორდინატორმა, რომელიც კენჭისყრის პროცესის დაწყებიდან იმყოფება, სხვა პირებთან ერთად, მოცემულ საარჩევნო უბანთან, კენჭისყრის ოთახიდან გამოსულ ამომრჩეველს 100 ლარის ოდენობით თანხა გადასცა;

#7 ჩუღურეთის საარჩევნო ოლქის #3 საარჩევნო უბანთან დაფიქსირდა ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა. „სამართლიანი არჩევნების“ გარე დამკვირვებლის ყურადღება მიიპყრო უბანთან სიახლოვეს წარმოქმნილმა ხმაურმა, რომლის მიზეზიც ერთ-ერთი საარჩევნო სუბიექტის  წარმომადგენლის მიერ ჩუღურეთის გამგეობის წარმომადგენლის მხრიდან ამომრჩევლისთვის ბენზინის ტალონის გადაცემის ფაქტის დაფიქსირება გახდა. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის ინფორმაციით, გამგეობის წარმომადგენელი და მასთან მყოფი პირები მოცემულ პირს მობილური ტელეფონიდან დაფიქსირებული ჩანაწერის წაშლას სთხოვდნენ;

#18 ახმეტის საარჩევნო ოლქის #17 საარჩევნო უბანთან სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა ქვემო ალვანში ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ ამომრჩევლისთვის თანხის გადაცემას .

დარღვევების შესახებ ვრცლად იხილეთ ბმულზე.