ვაიცი: პრემიერი ოპოზიციური პარტიების აკრძალვით იმუქრებოდა, ავტორიტარიზმის მეტი მტკიცებულება რა გინდათ

პუბლიკა

„პრემიერ-მინისტრი ოპოზიციური პარტიების აკრძალვით იმუქრებოდა, ავტორიტარიზმის ამაზე მეტი მტკიცებულება რა გინდათ”. – ეს ევროპარლამენტარმა ტომას ვაიცმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის შეხვედრაზე განაცხადა, სადაც კომიტეტის წევრები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებსა და შემდგომ განვითარებული მოვლენები განიხილეს.

„წინასაარჩევნო პერიოდშიც შერჩევითი წვდომა იყო მედიასა და საარჩევნო კამპანიაზე, ამიტომ ოპოზიციური პარტიებისთვის ეს ბევრად უფრო რთული იყო, ვიდრე ხელისუფლებისთვის. ასევე, იყო გავლენა, იქნება ეს რუსული თუ ოლიგარქი ივანიშვილის წმინდად ბიზნეს ინტერესები. ვფიქრობ, არ ღირს იმის აღნიშვნა, თუ საიდან მოდის ეს გავლენა”. – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

მან ხაზი გაუსვა არჩევნების გაყალბების მრავალ შემთხვევას, რომელიც სხვადასხვა ორგანიზაციამ აღრიცხა, ასევე, აღნიშნა არჩევნების შედეგების მასობრივი მანიპულირება. მისი თქმით, ეს არალეგიტიმურ მთავრობას ნიშნავს ევროკავშირის სტანდარტების გადმოსახედიდან.

„ვფიქრობ, ეს უნდა ვთქვათ. უნდა ვთქვათ, რომ ეს არ არის ქვეყნის ლეგიტიმური ხელისუფლება. არალეგიტიმური მთავრობა, რომელიც ქვეყანას ევროკავშირს ერთი სანტიმეტრითაც კი ვერ დაუახლოებენ. „ქართული ოცნება” არჩევნების დღესაც კი ამბობდა, რომ პროევროპელები არიან, ზოგიერთი ევროპარლამენტარიც დარწმუნდა ამაში. 

მაგრამ ყველაფერი, რასაც ისინი აკეთებენ, საპირისპიროს აჩვენებს.

პრემიერ-მინისტრი დაიმუქრა, რომ აკრძალავს მთავარ ოპოზიციურ პარტიებს. ამაზე მეტი ავტორიტარული ქცევის მტკიცებულება რა გსურთ”. – თქვა ევროპარლამენტარმა და დასძინა, რომ ევროპარლამენტი რეზოლუციაში, რომელსაც მომავალ კვირას განიხილავს და კენჭს უყრის, მკაფიოები უნდა იყვნენ.

„ასეთი მთავრობით, არჩეულით, უფრო სწორად, არარჩეულით შეუფერებელ არჩევნებში ისინი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას ვერ შეძლებენ. ჩვენ ასევე აქტიურად უნდა დავუჭიროთ მხარი პრეზიდენტ ზურაბიშვილს, მოვიწვიოთ, მივცეთ რაც შეიძლება მეტი ტრიბუნა, მათ შორის, ევროპარლამენტშიც და ამის შემდეგ ვიქნებით მეტად მკაფიოები იმაზე, თუ რა ჩავწეროთ ჩვენს რეზოლუციაში”. – თქვა ევროპარლამენტარმა ტომას ვაიცმა.