24 ახალი შემთხვევიდან 10 გარდაბნის კლასტერიდანაა - ეზუგბაია

პუბლიკა

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევებიდან 7 არის იმპორტირებული, მათგან 5 კი სატვირთო მანქანის მძღოლია. ასევე, ეზუგბაიას განცხადებით 24 ახალი შემთხვევიდან 5-ის წყარო დაავადებულებთან კონტაქტია, 10 – გარდაბნის კვლევისას გამოვლენილი  შემთხვევები. ეზუგბაიას განმარტებით 2 შემთხვევის წყარო უცნობია.

„ჩვენი პიკური პერიოდები ყოველთვის დაკავშირებული იყო დიდ კლასტერთან. ახლაც ასეთი სიტუაციაა… ჩვენ ახლა ე.წ. კლასტერი გვყავს გარდაბნის რაიონის: საკმაოდ დიდი, 4 სოფელია. მათში მცხოვრებთა რაოდენობაა 7 ათასზე მეტი მოსახლეა. აქედან გამომდინარე, შემთხვევების ეს მატება ალბათ მოსალოდნელი იყო, რადგან გაჩნდა ახალი წყარო”, – ამბობს ის.

მარინა ეზუგბაია აღნიშნავს, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის კვლევა გაგრძელდება. მისი აღნიშვნით, თუ საზოგადოება რეკომენდაციებს ზედმიწევნით შეასრულებს, covid-19 არ გასცილდება ამ ახალ კლასტერს.


დღეს საქართველოში, კორონავირუსით ინფიცირების 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 4-ით გაიზარდა. ინფორმაცია STOPCOV.GE-ზე რამდენიმე საათის წინ განახლდა.

განახლებული მონაცემები ასეთია:
• კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1073;
• მათ შორის გამოჯანმრთელებული – 907;
• მათ შორის გარდაცვლილი – 16;
• კარანტინის რეჟიმში – 5692;
• სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 275;
• უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41;