24 აპრილი სომხეთში გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღეა

პუბლიკა

24 აპრილს პატივს მიაგებენ ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა მასობრივი ხოცვისა და გადასახლების შედეგად დაღუპულ მილიონზე მეტ ადამიანს.

სომხების აჯანყებების დასჯის მიზნით 1915 წლის 24 აპრილს ოსმალეთის იმპერიაში 250-მდე სომეხი ინტელექტუალი და სომხური დიასპორის მეთაური დააპატიმრეს. სომხების წინააღმდეგ მიმართულმა მოქმედებებმა მალევე მასობრივი ხასიათი მიიღო. 1915 წლიდან ოსმალეთის იმპერიაში დაიწყეს სომეხი კაცების ხოცვა და ქალების, მოხუცებისა და ბავშვების მკაცრი წესებით დეპორტაცია. 1915-1918 წლებში ამ მოქმედებებს 1-და 1,5 მილიონამდე ადამიანი შეეწირა.

სომხებთან ერთად ოსმალეთის იმპერიაში მასობრივად დახოცეს და გადაასახლეს ბერძნები და ასურელებიც.

სომეხი მოსახლეობის დიდი ნაწილი კი იძულებული გახდა სხვა ქვეყნებში გაქცეულიყო. დღეს სომხების გენოციდს აღიარებს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და ევროპის საბჭო. ასევე მსოფლიოს 31 სახელმწიფო მათ შორის, აშშ, საფრანგეთი, გერმანია, იტალია და სხვ.

სომხების გენოციდის დღეს ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.

„სომხები მთელ მსოფლიოში სომეხთა გენოციდის 108-ე წლისთავს აღნიშნავენ. „მახსოვს და მოვითხოვ“ – ამ გზავნილით სომეხი ხალხი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში იხსენებს მეოცე საუკუნის უმძიმეს ისტორიულ გამოცდილებას და პატივს მიაგებს გენოციდის მსხვერპლებს. ამ მოძრაობას საქართველოში მცხოვრები სომხებიც უერთდებიან.

ჩვენს რეგიონს, რომელიც მუდმივად იმპერიების დაპირისპირებებისა და გადაკვეთის ადგილი იყო, გენოციდის, ეთნიკური წმენდისა და დევნის არაერთი გამოცდილება ახსოვს.

ეს კოლონიური ჭრილობები ჩვენი ხალხების მეხსიერებაში ღრმად არის აღბეჭდილი და ტრავმულ კვალად ატყვია ჩვენს ნაციონალურ და პოლიტიკურ იდენტობებს. ჩვენი რეგიონის ხალხებს შორის თვისებრივად ახალი ტიპის ურთიერთობების და კავშირების შენება წარსულის კრიტიკული გადააზრებით უნდა დაიწყოს.

ცხადია, ჩვენ გვესმის, რომ ჩვენი რეგიონის მრავალშრიანი და ტრაგიკული ისტორიის წიაღში შესვლა რთული აკადემიური, საზოგადოებრივი და პოლიტიკური პროცესია და განსაკუთრებულ სიფრთხილესაც მოითხოვს. თუმცა, ვფიქრობთ, რომ ამ ძალისხმევის გარეშე ნდობის, მშვიდობისა, თანამშრომლობის და პატივისცემის შექმნა რთული იქნება“, – აცხადებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.