24-მდე რადიომაუწყებელს მილიონ ნახევარი ლარის დავალიანება ჩამოეწერება – თურნავა

პუბლიკა

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა 24-მდე რადიო მაუწყებელს დაახლოებით მილიონ-ნახევარი ლარის დავალიანებას ჩამოაწერს.

ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე ისაუბრა.

„ჩვენ და ასევე, მარეგულირებელ კომისიას მიმართა 24-მდე რადიოკომპანიამ და მოითხოვეს შპს საქართველოს ტელე-რადიო ცენტრის მიმართ დაგროვილი დავალიანების პატიება, რაც ახსნილი იქნა კორონავირუსის პანდემიით. ჩვენს მიერ გაზიარებული იქნა ეს არგუმენტაცია, რადგან მართლაც ძირითადი შემოსავალი რადიოკომპანიების არის რეკლამა. მოგეხსენებათ, 2020 წელს შეფერხებული იყო ეკონომიკური საქმიანობა და, რა თქმა უნდა, შემოსავლები მათ შეუწყდათ ან შეუმცირდათ.

მთავრობამ გაიზიარა მათი მოთხოვნა და მთლიანობაში, დაახლოებით, მილიონ-ნახევარი ლარის დავალიანება და ასევე, წლის ბოლომდე მომსახურების საფასური ეპატიება ამ რადიო მაუწყებელ კომპანიებს. მთლიანობაში 24 კომპანიაა“, – განაცხადა თურნავამ.