24 პიარმენეჯერი, ლაივადმინისტრატორი და სხვები – მერიის „კომუნიკაციის სააგენტოს" ხარჯი

პუბლიკა

თბილისის მერიის მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტოს“ დირექტორმა 14 ნოემბერს მიღებული განკარგულებით ახლებურად განსაზღვრა ამ სააგენტოში დასაქმებულ პირთა რაოდენობა და შრომის ანაზღაურების ოდენობა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ განკარგულების შესრულებაზე კონტროლი მერს, კახა კალაძეს ეთხოვა.

დოკუმენტის მიხედვით, სააგენტოში სულ დასაქმებულია 44 თანამშრომელი. მათ შორისაა – 24 პიარმენეჯერი, 5 ოპერატორი, სოც.მედიაჯგუფის მენეჯერი, ლაივადმინისტრატორი, ტრანსპორტის მენეჯერი, 2 ფოტოგრაფი და ა.შ.

რაც შეეხება პიარმენეჯერების ხელფასს, ამ პოზიციაზე მომუშავე ადამიანების თანამდებობრივი სარგო სხვადასხვაა. მათ შორის არის ხელფასები: 2 375 ლარი, 2000 ლარი, 2 250, 1750 და ა.შ.

რაც შეეხება ლაივადმინისტრატორს, ორის ხელფასი არის 3 125 ლარი; მემონტაჟის – 3 880 ლარი; აღმასრულებელი პროდიუსერის  – 3 950 ლარი; ფოტოგრაფების – 2000 და 2500 ლარი; სოცმედიის ადმინისტრატორის – 2825 ლარი და ა.შ.

მერიის აღნიშნულ აიპიში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება ჯამში 95 810 ლარს შეადგენს.

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, სააგენტოს დირექტორი არის ეკატერინე ჯოჯუა.

იხილეთ ვრცლად ჩამონათვალი.

დოკუმენტი „პუბლიკას“ საკრებულოს წევრმა ლევან ხაბეიშვილმა მიაწოდა. განკარგულებისა და მისი დანართის ავთენტურობას მერიაშიც ადასტურებენ.

თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტოს” დირექტორი ეკა ჯოჯუა „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ სააგენტო ემსახურება 10 გამგეობას, 14 საქალაქო სამსახურს, 5 საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, 76 არასამეწარმეო იურიდიულ პირს, ასევე 43 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადეობას.

“მაგალითად, 10 გამგეობას სათითაოდ, თითო პიარი ჰყავს, ასევე,  საქალაქო სამსახურებს და შესაბამის უწყებებს. ისინი არიან კოორდინაციაში ჩვენთან. სააგენტოს კოორდინაციის სამსახური ყველაფერს ერთად აგროვებს და მერე ხდება გადანაწილება –  ზოგს სჭირდება მედია მომსახურება, ზოგს სჭირდება სოციალური მედია, ზოგს ვიდეო და სხვადასხვა სახის მასალების დამზადება. ეს არის მექანიზმი რომელიც გამართულად მუშაობს.

სააგენტოში შედის 4 განყოფილება  – კოორდინაციის სამსახური,  სადაც ინფორმაცია იყრის თავს,  მედიასთან ურთიერთობის სამსახური,  რისი მეშვეობითაც ხდება ინფორმაციის გაცვლა და მიწოდება საზოგადებისთვის. ასევე, სოციალური მედიის სამსახური და ცალკე ჯგუფი, რომელიც ამზადებს ვიდეო რგოლებს, აკეთებს დიზაინს და ა.შ. ანუ ეს არის გადანაწილებული სხვადასხვა განყოფილებებზე, კიდევ მეტი თანამშრომელი რომ გვყავდეს კიდევ უკეთესად ვიმუშავებდით,-” ამბობს ეკატერინე ჯოჯუა.