24 საათის გასვლის შემდეგ, თემქაზე დაკავებული 6 მოქალაქიდან 4 გაათავისუფლეს

პუბლიკა

18 იანვარს თემქის პოლიციასთან აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 6 ადამიანიდან 4 ქალი, მათ შორის მარიამ პაიჭაძე და სონა კალანდაძე დაკავებიდან 24 საათის გასვლის შემდეგ გაათავისუფლეს. ადვოკატი „პუბლიკას“ ეუბნება, რომ მათ მიმართ დაკავების ვადა 48 საათამდე არ გაახანგრძლივეს.

იზოლატორში რჩება იმავე აქციაზე დაკავებული გურამ მაცხონაშვილი და რომან აკოპოვი. ადვოკატმა მარიამ პატარიძემ მანამდე „პუბლიკასთან“ აღნიშნა, რომ სონა კალანდაძეს დაკავების დროს თმა მოქაჩეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, თმა მოქაჩეს მარიამ პაიჭაძესაც.

„სონა კალანდაძის მიმართ ჰქონდა ადგილი თმის მოქაჩვას და შეგინებას პოლიციის განყოფილების შენობაში შეყვანის დროს, კარის გავლიდან რამდენიმე წამის განმავლობაში, შემდეგ მსგავსი აღარ განმეორებულა, ანუ დაკავების დროს უშალოდ. რაც შეეხება მარიამის ნაწილში, აქაც რამდენიმე წამით დაკავების დროს თმაში მომქაჩესო, სიტყვიერი შეურაცხყოფა მარიამის მიმართ არ ყოფილა, თუმცა იყო სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული ერთ-ერთი, სავარაუდოდ, სამართალდამცავის მხრიდან ძალიან დამცინავი ე.წ. შეიმინგი, რომ როგორ დადის საერთოდ ამ აქციებზე, თავში რომ ჭკუა ჰქონდეს, ამ აქციებზე არ ივლიდა, ალბათ წერა-კითხვაც არ იცის და იმიტომ დადის, რაღაც ასეთი დამცინავი დამოკიდებულება იმის გამო რომ აქციებში მონაწილეობდა“, – ამბობს ადვოკატი, მარიამ პატარიძე „პუბლიკასთან“.

რაც შეეხება გურამ მაცხონაშვილს, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ წარმომადგენელი, თამთა მიქელაძე ადვოკატზე დაყრდნობით წერს:

„დაკავებულების თქმით, პოლიციის განყოფილებაში აგრესიულობით გამოირჩეოდა ერთი სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ადამიანი, რომელმაც საკუთარი თავი არ წარუდგინა მათ. ის აქტიურად ცდილობდა აქტივისტების ტელეფონების დათვალიერებას. სწორედ ამ პროცესში არ იჯერებდნენ, რომ გურამ მაცხონაშვილს საერთოდ არ ჰქონდა ტელეფონი თან და ამის გამო კეფაში რამდენჯერმე ჩაარტყეს. ეს ყველაფერი პოლიციის განყოფილებაში ხდებოდა. პოლიცია თავს არ იკავებდა დაკავებულების დაშეიმებისგან და პროტესტში ჩართულობის აბსურდულობაზე უთითებდა. აინტერესებდათ ტატუების მნიშვნელობა და გამოხატავდნენ ირონიას“.

დაკავებულებს ნიღბის ტარებას და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის მიმართ დაუმორჩილებლობას ედავებიან.

„ყველა მათგანმა მთხოვა მედიისთვის გადამეცა ის, რომ არიან ძალიან მხნედ და არ შეურიგდებიან ამ რეჟიმს, გურამ მაცხონაშვილმა მთხოვა დამატებით, რომ თუ შესაძლებელი იქნება თქვა, რომ ჩემი ეს სიმბოლური აქტი ამ აქციაში მონაწილეობა იმ ფორმით, რომ გამომეხატა დაუმორჩილებლობა და მეტარებინა პირბადე თუ ბალაკლავა მიზანმიმართული იყო ზუგდიდში დაკავებული აქტივისტების სოლიდარობისკენ“, – ამბობს ადვოკატი „პუბლიკასთან“.