24 თებერვალს აშშ გაეროში რუსეთ-უკრაინის ომზე რეზოლუციას წარადგენს

პუბლიკა

შეერთებულმა შტატებმა რუსეთის უკრაინაში შეჭრის მესამე წლისთავთან დაკავშირებით გაეროს გენერალურ ასამბლეაზე წარსადგენი რეზოლუციის პროექტი შეიმუშავა.

Reuters-ის ცნობით, ვაშინგტონის ეს რეზოლუცია ეწინააღმდეგება კიევის და მისი ევროპელი მოკავშირეების მცდელობას, მიიღონ თავიანთი ტექსტი.

გამოცემა წერს, რომ სამპარაგრაფიან პროექტში მწუხარებაა გამოთქმული „რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში“ დაღუპულთა გამო და ნათქვამია, რომ „გაეროს მთავარი მიზანია საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება და დავების მშვიდობიანად მოგვარება“.

ასევე მოთხოვნილია „კონფლიქტის სწრაფი დასრულება და გრძელვადიანი მშვიდობა უკრაინასა და რუსეთს შორის“.

Reuters-ის ინფორმაციით, რუსეთმა წინადადება წარადგინა – „კონფლიქტის დაუყოვნებლის დასრულების მოთხოვნის” ნაწილს დაემატოს წინადადება: „მათ შორის, მისი ძირეული მიზეზების აღმოფხვრის გზით“.

გამოცემის ცნობით, გაეროში რუსეთის ელჩმა ვასილი ნებენზიამ ვაშინგონის რეზოლუციის პროექტს „კარგი ნაბიჯი“ უწოდა. მისი თქმით, თუ გაერო რუსეთის შესწორებას გაითვალისწინებს, ქვეყანა შტატების რეზოლუციას მიცემს ხმას.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანის, მარკო რუბიოს სახელით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დონალდ ტრამპს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი და მზადაა ისეთი ნაბიჯებისთვის, რომელიც გამოიწვევს გრძელვადიან მშვიდობას და არა დროებით პაუზას.

„აშშ-მა გაეროში მარტივი, ისტორიული რეზოლუცია წარადგინა და ჩვენ წევრ სახელმწიფოებს მოვუწოდებთ, რომ მშვიდობისკენ მიმავალ გზას მხარი დაუჭირონ. ამ რეზოლუციის მხარდაჭერით ვადასტურებთ, რომ ეს კონფლიქტი საშინელებაა და გაეროს მის დასრულებაში წვლილის შეტანა შეუძლია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

რაც შეეხება უკრაინისა და მისი ევროპელი მოკავშირეების მიერ მომზადებულ რეზოლუციას, რომელსაც ასამბლეა ასევე ორშაბათს განიხილავს – ტექსტში ნათქვამია, რომ რეზოლუცია „იმეორებს მიმდინარე წელს ომის დასრულებისა და დიპლომატიური ძალისხმევების გაორმაგების გადაუდებელ აუცილებლობას, რათა შემცირდეს შემდგომი ესკალაციის რისკები და მიღწეულ იქნას ყოვლისმომცველი, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა უკრაინაში”. ტექსტი ასევე მოითხოვს, რუსეთის ჯარმა დატოვოს უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორია და შეაჩეროს მტრული მოქმედება.