„მთავარი არხის“ ინფორმაციით, თბილისში 24 წლის ახალგაზრდა კაცი წამებით მოკლეს. მკვლელობაში სავარაუდო დამნაშავეები კი სპეცრაზმელები არიან.
„მთავარი არხის“ ინფორმაციით, მოკლულსა და მის უმცროს ძმას 2 იანვარს დაპირისპირება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებთან მოუხდათ, რის შემდეგაც სპეცრაზმელებმა მათ სცემეს. უმცროსმა ძმამ გაქცევა მოახერხა, ხოლო უფროსს დანით დაზიანებები მიაყენეს, შემდეგ კი გააშიშვლეს და სასაფლაოდან რამდენიმე კილომეტრში დატოვეს.
როგორც „პუბლიკას“ შსს-ში უთხრეს, ამ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით –126-ე პირველი პრიმა მუხლის „გ“ ქვეპუნქტით (ძალადობა ორი ან მეტი პირის მიმართ), 117-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა) და 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ ერთი პირი დააკავა, გამოძიებას კი პროკურატურა აწარმოებს.
დაკავებული შსს-ს თანამშრომელია. მოკლულის ოჯახის წევრები კი „მთავარ არხთან“ ამბობენ, რომ მკვლელობაში ერთზე მეტი სპეცრაზმელი იყო და დანარჩენი მონაწილეების დასჯასაც მოითხოვენ.
შსს არ ადასტურებს, რომ ინციდენტში მონაწილე მეორე პირი მათი უწყების თანამშრომელია.