„ქართული ოცნების“ პარლამენტმა „ქართული ოცნების“ მთავრობას ნდობა ერთპარტიულად გამოუცხადა.
ირაკლი კობახიძემ წარადგინა სამთავრობო პროგრამა სახელწოდებით „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“.
სხდომაზე „ოცნების“ წევრებს კობახიძესთან შეკითხვები არ ჰქონიათ. მისი გამოსვლის შემდეგ ფრაქციის თავმჯდომარის გამოსვლის პროცედურით ტრიბუნა მამუკა მდინარაძემ დაიკავა, ხოლო ამის შემდეგ კენჭისყრის პროცედურა დაიწყო. კობახიძის გუნდს „ოცნების“ 84-მა წარმომადგენელმა დაუჭირა მხარი.
სხდომას არ ესწრებოდნენ ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი.
ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტში გამართულ სხდომებს არ ესწრება. მათმა ნაწილმა „ოცნების“ პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნითაც მიმართა და პროპორციული სიები ჩახსნა.
25 ნოემბერს პარტია „ქართული ოცნება“ პარლამენტის შენობაში შეიკრიბა და გარეთ საპროტესტო აქციის ფონზე მე-11 მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის პროცედურა ჩაატარა.
კონსტიტუციონალისტები და იურისტები ამბობენ, რომ, სანამ არჩევნების შედეგები, შესაბამისად, 150-ვე დეპუტატის არჩევის კანონიერება საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული, დეპუტატების უფლებამოსილების ცნობა უკანონო და არაკონსტიტუციურია.
მათი შეფასებით, საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებამდე უფლებამოსილებაცნობილი პარლამენტის გადაწყვეტილებებს, მათ შორის, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას და პრეზიდენტის არჩევას, ლეგიტიმაცია ვერ ექნება.