შსს-ს ინფორმაციით, აქციაზე დაკავებული ექვსივე პირი ხელწერილით გაათავისუფლეს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ რუსთაველის გამზირზე, ქაშვეთის ეკლესიის მიმდებარედ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ექვსივე პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. დაკავებულებს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი არ იკავებდნენ გზის სავალ ნაწილს და გაურკვეველია რატომ დაიწყო პოლიციამ დემონსტრანტების დაკავება. ადგილზე იყო დაპირისპირება. ადგილზე მყოფმა პოლიციელებმა ჟურნალისტებს უთხრეს, რომ აქციის მონაწილეები პოლიციელებს შეურაცხყოფას აყენებდნენ.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასებით, 14:14 საათზე შსს-ს თანამშრომლებმა ძალადობრივი მეთოდებით დააკავეს მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, მათ შორის ქალები.

„დაკავების პროცესს თან ისეთი ქმედებები, როგორიცაა თმების მოქაჩვა და ადამიანის მიწაზე თრევა. ამგვარი ქმედებები არღვევს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, არ შეესაბამება სამართლებრივ ნორმებსა და არის იმ რეპრესიების გაგრძელება, რაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობს“, – აცხადებს ორგანიზაცია.