25-29 წლის ახალგაზრდების თითქმის ნახევარი არც დასაქმებულია და არც სწავლობს - კვლევა

პუბლიკა

ახალგაზრდების უმრავლესობა (58%) ამბობს, რომ არ აქვს სამსახური. ყოველი ხუთი გამოკითხულიდან ერთი (21%) აქტიურად ეძებს სამსახურს, – ამის შესახებ საუბარია ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დაკვეთით მომზადებულ კვლევაში, რომელიც საქართველოში ახალგაზრდების ცხოვრების ასპექტების შესწავლას ისახავდა მიზნად.

კვლევაში ასევე ვკითხულობთ, რომ 25-29 წლის ახალგაზრდების თითქმის ნახევარი არც დასაქმებულია და არც სწავლობს.

გთავაზობთ კვლევის შედეგებს:

„14-29 წლის ახალგაზრდების თითქმის ერთი მესამედი (35%) დასაქმებულია. აქედან 20% დასაქმებულია სრული განაკვეთით, 4% – ნახევარი განაკვეთით, 2% – დასაქმებულია პერიოდულად, 9% კი ამბობს, რომ თვითდასაქმებულია. დასაქმებულთა უმეტესობა მუშაობს კერძო სექტორში (72%), მხოლოდ 16% დასაქმებულია საჯარო სამსახურებში, ხოლო გამოკითხულთა დარჩენილი ნაწილი დასაქმებულია სხვა სექტორებში.

ახალგაზრდების ორი მესამედი (65%) ამბობს, რომ ისინი ფინანსურად, მეტწილად, სხვა ადამიანებზე (მაგალითად, მშობლებზე, პარტნიორებზე, ნათესავებზე) არიან დამოკიდებულნი, ხოლო გამოკითხულთა 38% აღნიშნავს, რომ მათ საკუთარი შემოსავალი აქვთ, მაგალითად, ხელფასი, სესხი ან გრანტი, ან უძრავი ქონების გაქირავებისგან მიღებული შემოსავალი.„ახალგაზრდა მამაკაცებს, ასევე, მათ, ვინც 25-29 ასაკობრივ ჯგუფშია, თბილისში ცხოვრობს და უმაღლესი განათლება აქვს, უფრო ხშირად აქვთ საკუთარი შემოსავალი, ვიდრე ახალგაზრდა ქალებს, მათ, ვინც 24 წლამდე ასაკშია, თბილისის გარეთ ცხოვრობს და საშუალო განათლება აქვს.

ახალგაზრდების 58% აცხადებს, რომ ამჟამად არაა დასაქმებული. მამაკაცები (43%), თბილისში მცხოვრებები (45%), შედარებით უფროსი (49%) და უმაღლესი განათლების მქონე (59%) ახალგაზრდები უფრო ხშირად არიან დასაქმებულები, ვიდრე ქალები (26%), თბილისს გარეთ მცხოვრებები (30%), 18-24 წლის (38%) და საშუალო განათლების მქონე (41%) ახალგაზრდები.

14-29 წლის ახალგაზრდების დაახლოებით 31% აღნიშნავს, რომ ამჟამად არც განათლებას იღებენ, არც რაიმე სასწავლო კურსს გადიან და არც მუშაობენ. ეს მახასიათებელი უფრო ხშირად გვხვდება ქალებში, 25-29 წლისა და თბილისს გარეთ მცხოვრებ ახალგაზრდებში.

კვლევის მონაწილეები ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად უმუშევრობას, მზარდ ფასებსა და განათლების საკითხებს ასახელებენ. ამას ნაწილობრივ ადასტურებს ფოკუსჯგუფის შედეგებიც, ეკონომიკურ პრობლემებსა და განათლების დაბალ დონესთან ერთად, ახალგაზრდები ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად ასახელებენ „კოვიდ 19-ის“ პანდემიას, ჯანდაცვის სისტემის პრობლემებსა და მიგრაციას.

ახალგაზრდების უმრავლესობა, რომლებიც საზღვარგარეთ სასწავლებლად ან სამუშაოდ იმყოფებოდნენ, აღნიშნავს, რომ მოგზაურობდა უმეტესად მუშაობის მიზნით (62%). ამასთან, საზღვარგარეთ მუშაობის გამოცდილება უფრო მეტად აქვთ სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს (82%), რაც იმაზე მიუთითებს, რომ სოფლად მცხოვრები ახალგაზრდები უფრო ხშირად მიდიან საზღვარგარეთ, სავარაუდოდ, სეზონურ სამუშაოებზე. განათლების მიღების მიზნით საზღვარგარეთ წასვლის გამოცდილება ახალგაზრდების მხოლოდ მეხუთედს აქვს.

ახალგაზრდები სხვა ქვეყანაში გადასვლის ორ მთავარ მიზეზად ასახელებენ უფრო მაღალი ხელფასის (57%) და უკეთესი განათლების მიღების (45%) შესაძლებლობებს. მაღალი ხელფასის ფაქტორი უფრო მნიშვნელოვანია ახალგაზრდა მამაკაცებისთვის და ყველაზე უფროსი ასაკობრივი ჯგუფისთვის (25-29 წლის ახალგაზრდები), ხოლო განათლება უფრო მნიშვნელოვანია ქალებისათვის და შედარებით უფრო ახალგაზრდა რესპონდენტებისთვის. ემიგრაციისთვის ყველაზე ხშირად დასახელებული მიმართულებებია ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია და ევროპის სხვა ქვეყნები.

ფოკუსჯგუფების მონაწილეები ემიგრაციას საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად ასახელებენ და განმარტავენ, რომ ახალგაზრდებს ქვეყნის დატოვება არსებული მატერიალური სიდუხჭირის გამო უწევთ. ემიგრაციის მიზეზად ასევე სახელდება განათლების დაბალი დონე და საქართველოში პიროვნული ზრდისა და სასურველი მიზნების მიღწევის პერსპექტივის ნაკლებობა.

რესპონდენტები მომავალს მეტწილად დადებითად უყურებენ. გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობა (77%) ფიქრობს, რომ მათი ოჯახების ცხოვრების დონე მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში გაუმჯობესდება. ახალგაზრდები შედარებით ნაკლებ ოპტიმისტურად აფასებენ ქვეყნის სამომავლო პერსპექტივებს. ამის მიუხედავად, უმრავლესობა (59%) მიიჩნევს, რომ საქართველოში ცხოვრების დონე უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში გაუმჯობესდება.

რესპონდენტების თითქმის ნახევარზე მეტი მნიშვნელობას ანიჭებს სამსახურის პოვნის ისეთ არამერიტოკრატიულ საშუალებებსაც, როგორებიცაა შეძლებული ოჯახის შვილობა (73%), მეგობრები და ნათესავები (68%) და გავლენიან ინდივიდებთან კავშირები (66%). ახალგაზრდების მხოლოდ ყოველი მეხუთე გამოკითხული (22%) მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პარტიის წევრობა სამსახურის პოვნისათვის მნიშვნელოვანი ფაქტორია”, – ვკითხულობთ კვლევაში.

მეთოდოლოგია

კვლევის მეთოდოლოგია შეიმუშავა გაერთიანებული სამეფოს კვლევითმა კომპანიამ R-Research Limited-მა, ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დასკვეთით და მასთან კონსულტაციის საფუძველზე;

საქართველოში 14-29 წლის ახალგაზრდების დამოკიდებულებების, აღქმებისა და მოსაზრებების შესწავლის მიზნით, კვლევის მეთოდოლოგია მოიცავდა როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი კვლევის მეთოდებს.

რაოდენობრივი მონაცემები შეგროვდა 2022 წლის 30 მაისიდან 2022 წლის 16 ივნისამდე პერიოდში. თბილისში დაფუძნებულმა კომპანიამ IPM Research-მა 14-29 წლის ახალგაზრდების წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 1 206 რესპონდენტი გამოკითხა. რესპონდენტები შეირჩა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი კლასტერული შერჩევის საფუძველზე. რესპონდენტები შეირჩა ასაკობრივი და გენდერული კვოტის გათვალისწინებით. ინტერვიუების საშუალო ხანგრძლივობა 45 წუთს შეადგენდა, სტანდარტული გადახრა კი 14.38 წუთი იყო.