მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ წევრმა, ვარლამ გოლეთიანმა შაბათს, 25 ნოემბერს გარემოს დაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია დააანონსა. მისივე თქმით, აქციის დაწყების დრო მოგვიანეებით დაზუსტდება.
„შაბათს იქნება აქ [გარემოს დაცვის სამინისტროსთან] შეკრება. ჩვენ ამოგვეწურა მარაგი სიტყვების, რითიც შეიძლება შეფასდეს აქ არსებული ვითარება. პროტესტი გრძელდება და შაბათს აქ დიდი აქცია იქნება. როგორც კი მნიშვნელოვანი სიახლე გვექნება, გაგაგებინებთ“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
„შეხვედრა არ იქნება. ეს არის ჩვენი პასუხი“, – მიმართა გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა პროტესტის მონაწილეებს 6-საათიანი ლოდინის შემდეგ. მოქალაქეები რაჭის ტყეებზე გაცემული ლიცენზიის გაუქმებას მოითხოვენ.
სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, შეხვედრას აზრი არ აქვს, რადგან პროტესტის მონაწილეებმა მინისტრი ტყუილში დაადანაშაულეს.
მოძრაობის წევრის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, დღეს სამინისტროსთან ტექნიკური ხასიათის შეხვედრა უნდა გამართულიყო. მისივე თქმით, დღეს მოქალაქეების პირადი ნომრებიც ჩაიწერეს, რათა მათზე საშვიც დაეშვათ.
„ვიყინებით, ფეხზე დგას საათობით ხალხი ამ შეხვედრის მოლოდინში“, – ამბობდა გოლეთიანი.
რაჭის მოსახლეობა, მათი მხარდამჭერები და მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ დავით ხიდაშელისთვის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში 97 000 ჰექტარ ტყეზე 49-წლიანი ლიცენციის გაუქმებას მოითხოვს.
მოძრაობის განცხადებით, ლიცენცია გაიცა კანონით გათვალისწინებული ეტაპის – მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფის გარეშე, რაც ლიცენზიის შეწყვეტის საფუძველია.