25 თებერვალს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი საქართველოს შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს განიხილავს. ანგარიშის ავტორია საქართველოს შესახებ მუდმივი მომხსენებელი, ლიეტუველი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე.
დოკუმენტი, რომელსაც იუკნევიჩიანე კომიტეტის წინაშე წარადგენს, 2025 წელს მიმოიხილავს.
ანგარიშში, მათ შორის, დაგმობილია დემოკრატიული უკუსვლა და „ქართული ოცნების“ ავტორიტარიზმისკენ სვლა, რეპრესიული კანონების მიღება და პოლიტიკოსების და მოქალაქეების დაპატიმრება; ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო კვლავ არ უერთდება რუსეთის, ბელარუსისა და ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების აბსოლუტურ უმრავლესობას.
ანგარიშში ნათქვამია:
ა. ვინაიდან ევროპული საბჭოს 2024 წლის 19 დეკემბრის დასკვნების საფუძველზე, კომისია მიიჩნევს, რომ საქართველო კანდიდატი ქვეყანაა მხოლოდ სახელწოდებით, რადგან საქართველოს მთავრობის ქმედებებმა ფაქტობრივად გამოიწვია გაწევრების პროცესის შეჩერება და მას შემდეგ ფიქსირდება ქვეყნის უკუსვლა ფუნდამენტურ საკითხებში;
ბ. ვინაიდან ევროკომისარმა მარტა კოსმა კომისიის 2025 წლის ანგარიში საქართველოს შესახებ შეაფასა, როგორც „ყველაზე ცუდი ანგარიში, რაც კი ოდესმე მომზადებულა კანდიდატი ქვეყნისთვის“;
გ. ვინაიდან საქართველოში ვითარება კვლავ დრამატულად უარესდება, რაც გამოხატულია დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის სფეროებში „ქართული ოცნების“ ქმედებებით გამოწვეული უკუსვლით;
დ. ვინაიდან 2024 წლის 28 ნოემბრიდან გრძელდება პროტესტი „ქართული ოცნების“ ქმედებების წინააღმდეგ, მიუხედავად მონაწილეთა მიმართ ძალადობისა, მათი დაპატიმრებისა და პროტესტში მონაწილეობისთვის სულ უფრო დრაკონული სასჯელების დაწესებისა;
ე. ვინაიდან რვა ოპოზიციონერ პოლიტიკოსს მიესაჯა შვიდიდან რვა თვემდე თავისუფლების აღკვეთა და ორი წლით აეკრძალათ საჯარო თანამდებობის დაკავება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წინაშე გამოცხადებაზე უარის თქმის გამო;
ვ. ვინაიდან მზია ამაღლობელს ბელარუს ანდჟეი პოჩობუტთან ერთად ევროპარლამენტმა მიანიჭა 2025 წლის სახაროვის პრემია აზრის თავისუფლებისთვის;
ევროპარლამენტი:
საქართველოს ევროინტეგრაციის შეჩერება
1. სრულ სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს, რომელიც აგრძელებს ბრძოლას ევროპული და დემოკრატიული საქართველოსთვის დემოკრატიული უკუსვლის, მზარდი რეპრესიების, დაუნდობელი მტრული რიტორიკის, დეზინფორმაციისა და მუქარის პირობებში;
ღრმა იმედგაცრუებით აღნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ ფაქტობრივად შეატრიალა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კურსი; სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ უკუსვლა შეინიშნება ცხრავე პრიორიტეტის შესრულებაში, რაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პირობა იყო; ხაზს უსვამს „ქართული ოცნების“ მტკიცებების აბსურდულობას, თითქოს ევროინტეგრაცია რჩება მთავარ პრიორიტეტად, მაშინ როცა მისი უმაღლესი ჩინოვნიკები და სამთავრობო მედიები აწარმოებენ ორკესტრირებულ და სისტემურ კამპანიას ევროკავშირის, მისი წარმომადგენლებისა და დიპლომატების წინააღმდეგ მანიპულაციური ნარატივების, დეზინფორმაციისა და კონსპირაციული თეორიების გავრცელებით;
2. გმობს იმ ფაქტს, რომ 2024 წლის ოქტომბრის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ უფრო გააძლიერა სვლა სრული ავტორიტარიზმისკენ; შეშფოთებულია საქართველოს დემოკრატიული საფუძვლების სწრაფი დემონტაჟით დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და დემოკრატიულ პლურალიზმზე მიზანმიმართული თავდასხმების გზით; იზიარებს კომისიის შეფასებას, რომ საკვანძო ინსტიტუტებს აკლიათ მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა;
3. ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების მიერ დაწესებული მიზნობრივი პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილის, „ქართული ოცნების“ ძირითადი ლიდერების, მოსამართლეების, პროკურორებისა და სხვა იმ ოფიციალური პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე, საარჩევნო თაღლითობაზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა და პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების დევნაზე, წარმოადგენს დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს; მიესალმება იმ ფაქტს, რომ ევროკავშირის დონეზე ერთსულოვნების არარსებობის პირობებში, წევრი ქვეყნების მზარდმა რაოდენობამ შემოიღო ინდივიდუალური სანქციები საქართველოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ; მოუწოდებს სხვა წევრ ქვეყნებს, მიჰყვნენ ამ მაგალითს;
დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის უწყვეტი უკუსვლა და ხელისუფლების ავტოკრატიული კონსოლიდაცია
5. სინანულს გამოთქვამს, რომ „ქართულ ოცნებას“ არ გადაუდგამს არანაირი ნაბიჯი ევროკავშირთან დიალოგისთვის სივრცის შესაქმნელად; მიიჩნევს, რომ შეუძლებელია საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობა მანამ, სანამ არ მოხდება მათი ამჟამინდელი რეპრესიული კურსის, შეზღუდვებისა და მძაფრი ანტიევროპული დეზინფორმაციის მკაფიო შეცვლა; მოუწოდებს წევრ ქვეყნებს, შეინარჩუნონ ერთიანი და კოორდინირებული მიდგომა საქართველოს ხელისუფლებასთან კონტაქტების საკითხში; გმობს დაუნდობელ აგრესიულ რიტორიკას ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების დიპლომატების, პოლიტიკოსებისა და ოფიციალური პირების მიმართ;
6. მიუთითებს, რომ 2025 წლის 4 ოქტომბრის მუნიციპალურ არჩევნებს ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ ბოიკოტი გამოუცხადა; სინანულს გამოთქვამს, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსში შეტანილმა ცვლილებებმა კიდევ უფრო გააძლიერა მმართველი პარტიის დომინირება და შემოიღო ახალი შეზღუდვები ადგილობრივი დამკვირვებლების, მედიისა და საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციისთვის; ხაზს უსვამს, რომ ეუთო/ოდირის (OSCE/ODIHR) მხრიდან დაკვირვების არარსებობა დაგვიანებული მოწვევის გამო, ხოლო ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მხრიდან დაკვირვების არარსებობა მათ მიმართ რეპრესიების გამო სერიოზულად აზიანებს საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობასა და მისი შედეგების სანდოობას;
7. გმობს სულ უფრო შემზღუდველი კანონმდებლობის მიღებას, რომლის მიზანია, ფაქტობრივად შეუძლებელი გახადოს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიისთვის საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერის მიღება; ხაზს უსვამს 2026 წლის 28 იანვარს დაანონსებულ უახლეს ცვლილებებს „გრანტების შესახებ“ კანონში, რომელიც მნიშვნელოვნად აფართოებს „გრანტის“ ცნებას და საზღვარგარეთიდან გრანტების ან დაფინანსების მიღებას მთავრობის წინასწარი ნებართვის გარეშე სისხლის სამართლის დანაშაულად აქცევს, რაც ისჯება 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით;
8. შეშფოთებულია იმით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უკვე მიიღო მთელი რიგი საკანონმდებლო აქტები, რომლებიც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის ჩახშობას; კიდევ ერთხელ გამოდის მოწოდებით, დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და სხვა უკანონოდ დაკავებული პირები; აფრთხილებს, რომ საქართველოს მთავრობის მცდელობები, საქართველოს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება გარდაქმნას მთავრობასთან აფილირებული ორგანიზაციების მკაცრად კონტროლირებად გარემოდ, წარმოადგენს მორიგ ნაბიჯს ავტორიტარულ რეჟიმად ჩამოყალიბებისკენ; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს ეს საკანონმდებლო აქტები, როგორც ხელშესახები ნაბიჯი ევროკავშირის გზაზე დასაბრუნებლად;
9. გმობს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მუდმივ მცდელობებს, დევნოს პოლიტიკური ოპონენტები, მათ შორის უკანონო დაკავებების, მუქარისა და ფიზიკური თავდასხმების გზით; გმობს პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წინაშე გამოცხადებაზე უარის თქმის გამო; მოითხოვს პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ყველა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას;
10. გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოს პარლამენტის 88 წევრის მიერ შეტანილი საკონსტიტუციო სარჩელის გამო, რომელიც მოითხოვს სამი ძირითადი ოპოზიციური პარტიის: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და კოალიცია „ძლიერი საქართველო-ლელოს“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას და მათი რეგისტრაციის გაუქმებას;
11. მიესალმება ეუთოს (OSCE) მიერ მოსკოვის მექანიზმის გააქტიურებას 24 წევრი ქვეყნის ინიციატივით, რაც იძლევა შესაძლებლობას საქართველოში გაიგზავნოს ექსპერტთა მისია ეუთოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაფასებლად; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სრულად ითანამშრომლოს ექსპერტთა მისიასთან;
12. აღნიშნავს კომისიის წინადადებას საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელთათვის ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანაში უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ, რაც წარმოადგენს „ქართული ოცნების“ რეჟიმის მიერ ფუნდამენტური ღირებულებების დარღვევის პირდაპირ შედეგს;
13. წუხს იმის გამო, რომ უნგრეთისა და სლოვაკეთის წინააღმდეგობის გამო ვერ მოხერხდა ევროკავშირის მასშტაბით სავიზო აკრძალვების დაწესება იმ ქართველი ჩინოვნიკებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიულ უკუსვლასა და რეპრესიებზე; აფრთხილებს, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობის გაგრძელებამ შესაძლოა გამოიწვიოს უვიზო მიმოსვლის შეჩერება მთელი მოსახლეობისთვის, რაზეც სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება;
საგარეო პოლიტიკასთან თანხვედრა
14. წუხს იმის გამო, რომ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის/საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებებთან და საბჭოს გადაწყვეტილებებთან სანქციების შესახებ საქართველოს თანხვედრის დონე კიდევ უფრო შემცირდა – 40%-მდე; განსაკუთრებით იმედგაცრუებულია იმით, რომ საქართველო სისტემატურად არ უერთდება საერთაშორისო და ევროკავშირის ინიციატივებს უკრაინის მხარდასაჭერად;
15. აღნიშნავს, რომ საქართველო კვლავ არ უერთდება რუსეთის, ბელარუსისა და ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების აბსოლუტურ უმრავლესობას; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გააძლიეროს თანამშრომლობა, რათა თავიდან აიცილოს საქართველოს ტერიტორიის ან/და საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირების გამოყენება ევროკავშირის შემზღუდველი ზომებისთვის გვერდის ავლის მიზნით;
16. აღნიშნავს, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე უარის თქმის შემდეგ, „ქართული ოცნება“ სტრატეგიულად ტრიალდება ჩინეთთან, რუსეთთან და ირანთან თანამშრომლობისკენ;
17. კვლავ მკაცრად გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმდინარე ოკუპაციას და უწყვეტი „ბორდერიზაციის“ პროცესს, რაც წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას.
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ ანგარიშის პროექტის განხილვის შემდეგ დებატები გაიმართება, რის შემდეგაც კომიტეტი კენჭს უყრის შესწორებებსა და საბოლოო ტექსტს. კომიტეტში მხარდაჭერის შემთხვევაში, ანგარიში გადაეგზავნება პლენარულ სხდომას, სადაც ის განიხილება და საბოლოო კენჭისყრაზე გავა.