სახალხო დამცველი აქციეს „ნაცმოძრაობის" რიგით აქტივისტად - კობახიძე

პუბლიკა

„სახალხო დამცველი აქციეს ერთ-ერთი რიგით „ნაცმოძრაობის” აქტივისტად”, – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სახალხო დამცველის დასკვნის შესახებ დასმულ შეკითხვას. კობახიძე ლომჯარიას პოლიტიკურ მიკერძოებაში ადანაშაულებს.

„სახალხო დამცველი რას ამბობს, ეს არ არის მთავარი. გამომდინარე მათ შორის იქიდან, რომ სახალხო დამცველს აქვს ძალიან მკაფიოდ გამოკვეთილი პოლიტიკური მიკერძოება. ესაც აჩვენებს მათ შორის იმას, რატომ არ შეიძლება „ნაცმოძრაობამ”მოიგოს ერთი მუნიციპალიტეტი.

ჩვენ თავის დროზე გვითხრეს, რომ მიზანშეწონილი იყო (ასეთი რეკომენდაცია იყო), რომ  ოპოზიციისთვის დაგვეთმო სახალხო დამცველის ინსტიტუტი და ნაცვლად იმისა, რომ სათანადოდ გამოეყენებინათ ეს ინსტიტუტი მიუკერძოებელი შეფასებების გაკეთებისთვის, სახალხო დამცველი აქციეს ერთ-ერთი რიგით „ნაცმოძრაობის” აქტივისტად. ეს არის ძალიან ცუდი, ეს აჩვენებს მათ შორის იმას, რომ არცერთი ინსტიტუტის დათობა არ შეიძლება „ნაციონალური მოძრაობისთვის”, – ამბობს კობახიძე.


საქართველოს სახალხო დამცველმა გუშინ მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა.

ომბუდსმენის თქმით, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.