დაბომბვის შედეგად მარიუპოლის თეატრში დაახლოებით 300-მდე ადამიანი დაიღუპა - მარიუპოლის მერია

პუბლიკა

მარიუპოლის თეატრის დაბომბვის შედეგად გარდაცვლილთა შესახებ განახლებული ინფორმაცია ვრცელდება.

ამ დრომდე არ იყო გამოქვეყნებული გარდაცვლილთა ზუსტი რიცხვი.

BBC-ის ცნობით, უკრაინის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ დაბომბვის შედეგად, შესაძლოა, 300-მდე ადამიანი იყოს დაღუპული მარიუპოლის თეატრში, რომელსაც ასობით ადამიანის აფარებდა თავს.

„თვითმხილველთაგან ვრცელდება ინფორმაცია, რომ მარიუპოლის დრამატულ თეატრში რუსული თვითმფრინავის დარტყმის შედეგად 300-მდე ადამიანი დაიღუპა“, – წერს მარიუპოლის მერია Telegram-ზე.

როგორც გამოცემა BBC წერს, მარიუპოლთან კომუნიკაცია წარმოუდგენლად რთულია, ამიტომ ძნელია ინფორმაციის დამოუკიდებლად გადამოწმება. ამიტომ, თავდასხმიდან ერთ კვირაზე მეტი ხნის შემდეგაც, გაურკვეველია რამდენი ადამიანი იმყოფებოდა თეატრში იმ დროს.

მარიუპოლის საქალაქო საბჭოს შეფასებით, BBC-სა და Human Rights Watch-ის მიერ გამოკითხული მშვიდობიანი მოქალაქეები ვარაუდობენ, რომ თავდასხმამდე თეატრს რამდენიმე დღით ადრე 500-დან 1000-მდე ადამიანი აფარებდა თავს.

16 მარტს მარიუპოლის საკრებულომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის მიერ დაიბომბა მარიუპოლის დრამის თეატრი, სადაც ასობით ადამიანი აფარებდა თავს. გავრცელებულია სატელიტიდან გადაღებული ფოტოები, რომლებზეც ჩანს, რომ თეატრის ეზოს ორივე მხარეს დიდი ასოებით ეწერია „ბავშვები“. ამ დრომდე დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ცნობილი არ იყო.