„ბიუ ბიუ“: ჩვენს პროდუქტში ანტიბიოტიკი არ ფიქსირდება

პუბლიკა

კომპანია „ბიუ ბიუ“ განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ მათ პროდუქტში ანტიბიოტიკი „ტეტრაციკლინი“ არ ფიქსირდება. განცხადებას თან ერთვის სურსათის ეროვნული სააგენტოდან მიღებული წერილი, რომელიც 28 თებერვლით თარიღდება. წერილში ნათქვამია, რომ 2018 წელს ანტიბიოტიკ „ტეტრაციკლინზე“ საწარმოდან გამოიკვლიეს ერთი ნიმუში, 2019 წელს 4 ნიმუში, დარღვევა არც ერთ შემთხვევაში არ დაფიქსირებულა. 2020 წელს ეს კვლევა არ ჩატარებულა.

„ბიუ ბიუ“ ამბობს, რომ ქათმის ნაკელისგან მზადდება კომპოსტი, რომელიც გამოიყენება ნიადაგის გასაჯანსაღებლად და რომ დაუშვებელია ქათმის ნაკელი გამოყენებული იყოს ადამიანების ან ცხოველების საკვებად.

„საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, გვინდა ნათელი მოვფინოთ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც ყველას გვაღელვებს. ჩვენი ვალია, მკაფიოდ და ფაქტებზე დაყრდნობით გავცეთ პასუხი გაჩენილ კითხვებს. 2013 წლიდან, წარმოების პირველი დღიდან, ჩვენი ქათამი თავისუფალია ყველა სახის ჰორმონული დანამატისა და სტეროიდისგან. მეტიც, საქართველოში არც ერთი მეფრინველეობა არ იყენებს ჰორმონებს. ამას საქართველოს კანონმდებლობაც ითვალისწინებს. რაც შეეხება ანტიბიოტიკებს, პროდუქცია პერიოდულად მოწმდება ანტიბიოტიკების კვალზე სეს-ის მიერ და სრულიად სუფთაა. ჩვენს პროდუქტში ანტიბიოტიკი „ტეტრაციკლინი“ არ ფიქსირდება, რის დამადასტურებელ საბუთს აქვე გაწვდით. რაც შეეხება ქათმის ნაკელს – მისგან მზადდება კომპოსტი, რომელიც გამოიყენება ნიადაგის გასაჯანსაღებლად, მცენარეებისთვის! დაუშვებელია ქათმის ნაკელი გამოყენებული იყოს ადამიანების ან ცხოველების საკვებად!“, – წერია კომპანიის განცხადებაში.

„რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, „ყვარლის ბაგამ“, რომლის მფლობელიც ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილია, სასამართლო დავა მოუგო „ჩირინას“ (ბიუ-ბიუ), რომელსაც 4.7 მილიონის გადახდა დაეკისრა. გამოძიების თანახმად, 2018 წელს „ყვარლის ბაგამ“ „ჩირინასგან“ დაახლოებით 2 700 ტონა ქათმის ნედლი, გადაუმუშავებელი ნაკელი შეიძინა.
ერთი წლის თავზე „ყვარლის ბაგამ“ განაცხადა, რომ „ჩირინასგან“ ნაყიდმა სკინტლმა, რომელსაც ძროხებს აჭმევდა, საქონელი დაუხოცა და 1.65 მილიონი ლარის ზარალი მიიღო. კომპანია ამტკიცებდა, რომ ნაყიდ ნაკელში ანტიბიოტიკი აღმოჩნდა. „ჩირინამ“ პრეტენზიები არ მიიღო და უპასუხა, რომ ქათმის ნაკელს სასუქად ყიდდა და არა – საკვებად. 2020 წელს ლაშა პაპაშვილის კომპანიამ „ჩირინას“ სასამართლოში უჩივლა. მასალების მიხედვით, „ყვარლის ბაგის“ 1 ძროხა დღეში დაახლოებით 6-7 კილო ქათმის ნაკელს ჭამდა (ნამჯაში არეულს).

„ყვარლის ბაგის“ რძეს ყიდულობენ „სანტე“, „სოფლის ნობათი“, „აგროჰაბი“ და „ყვარლის ბაგის“ შვილობილი „რძის ლაბორატორია“.

ჟურნალისტურ გამოძიებასთას გამოეხმაურა „სანტე“ და „აგროჰაბი“. „სანტემ“ თქვა, რომ ხარისხის სტანდარტებთან შეუსაბამობის შემთხვევაში რძე უბრუნდება მწარმოებელ ფერმას და არ გამოიყენება წარმოების პროცესში.

„2018 წელს სწორედ „სანტემ“ აღმოაჩინა შეუსაბამობა „ყვარლის ბაგის“ რძეში, კერძოდ, ანტიბიოტიკები, რაც საქმეში წარმოდგენილი მასალებითაც დასტურდება. ამ მიზეზით უარი განაცხადა რძის მიღებასა და წარმოებაში მის გამოყენებაზე“, – წერია განცხადებაში.

რაც შეეხება „აგრჰაბს“, ისინი აცხადებენ, რომ სრულიად გამორიცხულია ნედლეულმა გადმოკვეთოს მათი წარმოების „საზღვარი“ და შემდეგ პროდუქტის სახით გავიდეს საწარმოდან, თუ ის რაიმე სახით არ აკმაყოფილებს ხარისხის მოთხოვნებს.

ჟურნალისტური გამოძიება სრულად იხილეთ ბმულზე.