26 ევროპარლამენტარის მიერ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასადმი გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ წერილზე ხელმომწერი პარლამენტარები „გამოხატავენ შეშფოთებას სამართლის უზენაესობისა და დემოკრატიული პრინციპების კუთხით საქართველოს უკუსვლაზე.“ წერილს სოციალურ ქსელში ევროპული საქართველოს წევრი გიორგი კანდელაკი ავრცელებს.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე დიალოგს და იმედი გვაქვს, რომ საკითხები დროულად გადაიჭრება. საქართველოს ხელისუფლებას დაჟინებით მოვუწოდებთ, მიიღოს დაპირებული ზომები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე შემდგომი დაყოვნებების გარეშე.
ვგმობთ 2019 წლის საპროტესტო აქციების დროს პოლიციის მხრიდან დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადაჭარბებას და ბევრი ადამიანის დაშავებას. მშვიდობიანი პროტესტის დასაშლელად ძალის გადამეტება მიუღებელია. სამოქალაქო საზოგადოება მთავრობაზე მეთვალყურეობის არსებითი ნაწილია.
მიუკერძოებელი, გამჭვირვალე და დამოუკიდებელი მართლმსაჯულება დემოკრატიული საზოგადოების საფუძველია. უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების ბოლო შერჩევისა და დანიშვნის პროცესს აკლდა გამჭვირვალობა. ადამიანების ნდობა სასამართლო სისტემის მიმართ არსებითია და, შესაბამისად, საქართველოს პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს იმ მოსამართლეების დანიშვნა, ვინც მაღალ პროფესიულ და რეპუტაციულ სტანდარტს აკმაყოფილებს
სამართლის უზენაესობის უზრუნველსაყოფად და სასამართლოზე პოლიტიკური გავლენის დასასრულებლად აუცილებელია აქამდე მიღწეული შედეგების კონსოლიდაცია. როგორც ჩანს, პოლიტიკური გავლენა მართლმსაჯულებაზე მმართველი პარტიის თავმჯდომარის მუქარიდან გამომდინარე იზრდება, რომელიც ოპოზიციას ციხეში ჩასმით დაემუქრა, ხელახლა გაიხსენა რა მივიწყებული საქმეები, მათ შორის ოპოზიციის რამდენიმე ლიდერთან დაკავშირებით გამოძიებაა დაწყებული ან უკვე პატიმრობაშია“,- ნათქვამია წერილში.
წერილში ასევე ნათქვამია, რომ გიგი უგულავას საქმე აღძრავს კითხვებს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
ხელმომწერი პარლამენტარები მოვუწოდებენ საქართველოს მთავრობას,სერიოზულად მოეკიდონ ამ წერილს და მოაგვარონ წერილში აღნიშნული პრობლემები.
„ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ დემოკრატიულ პროცესებში და ველით უფრო ძლიერ პარტნიორობას საქართველოსა და ევროკავშირს შორის მომავალში,”- ვკითხულობთ წერილში.