დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ქვეყნის ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილი მთავარი ღონისძიება, ტრადიციულად, დედაქალაქში, თავისუფლების მოედანზე მიმდინარეობს.
საზეიმო ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავამ, სტუმრად მყოფმა პოლონეთის პრეზიდენტმა და თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ 26 მაისი ქვეყნის ეროვნული იდენტობის, მრავალსაუკუნოვანი კულტურისა და თავისუფლებისაკენ სწრაფვის გამოხატულებაა.
დღევანდელი დღე საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის გამარჯვების, თავისუფლებისა და პატრიოტიზმის დღეა. 26 მაისი ჩვენი ეროვნული იდენტობის, მრავალსაუკუნოვანი კულტურის და თავისუფლებისაკენ სწრაფვის გამოხატულებაა. თავისუფლების იდეა ყოველთვის იყო ის მთავარი საყრდენი, რომელიც აერთიანებდა ყველა პატრიოტს და რომელმაც შესაძლებელი გახადა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა. მინდა დღევანდელი დღე მივულოცო ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც თავისი შრომითა და თავდადებით აძლიერებს ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა დამოუკიდებლობის დღე მიულოცა ეკლესიას და აღნიშნა, რომ ეკლესიის ღვაწლი ქვეყნის იდენტობის ჩამოყალიბებასა და განმტკიცებაში განსაკუთრებულია.
„საქართველოს დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენი სამხედროებისათვის. სწორედ მათი თავდადება, პროფესიონალიზმი და ერთგულება იყო, არის და იქნება ჩვენი სახელმწიფოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გარანტი. ქვეყანაში თუ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ისინი ყოველთვის ღირსეულად ატარებენ ქართველი მეომრის მუნდირს. დღევანდელი დღე განსაკუთრებულია იმ წვევამდელებისათვის, რომლებმაც ფიცი დადეს და სამშობლოს ჯარისკაცები გახდნენ. ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა მრავალი თაობის ბრძოლისა და თავდადების შედეგია. მინდა დღევანდელი დღე მივულოცო ჩვენს გმირ ვეტერანებს, ჩვენი ქვეყნის ერთგულ ჯარისკაცებს. განსაკუთრებით პატივი მივაგო ყველა იმ გმირს, ვინც თავი გასწირა სამშობლოს თავისუფლებისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმა დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებით მიულოცა საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრებ თანამოქალაქეებს.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობის და მისი ძლიერების განმტკიცება ყოველდღიურ ძალისხმევასა და თავდადებას მოითხოვს.
„დამოუკიდებლობის დღე მინდა განსაკუთრებით მივულოცო საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეები ძლიერი და ევროატლანტიკური ოჯახის წევრი საქართველოს ღირსეული მონაწილეები გავხადოთ. ისტორიულად საქართველოს ძლიერების ერთ-ერთი საფუძველი ყოველთვის იყო მისი ტოლერანტული კულტურა, მრავალეთნიკური და მრავალკონფესიური საზოგადოება. დღევანდელი დღე არის საქართველოს ყველა მოქალაქის ზეიმის დღე, რომელიც გამოხატავს ჩვენი ერის ერთიანობას და სწრაფვას საქართველოს უკეთესი მომავლისკენ. დამოუკიდებლობის დღე მინდა მივულოცო უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს, დიასპორის წარმომადგენლებს, რომლებიც შრომითა და ნიჭიერებით აძლიერებენ ჩვენს ქვეყანას და ქმნიან წარმატების საამაყო მაგალითებს. საქართველოს დამოუკიდებლობის და მისი ძლიერების განმტკიცება ყოველდღიურ ძალისხმევასა და თავდადებას მოითხოვს“, – განცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილის განცხადებით, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ღირებულებებზე დაფუძნებით, გრძელდება ერთიანი და ძლიერი ქვეყნის მშენებლობა, რომელიც იქნება ევროპული და ევროატლანტიკური სივრცის სრულფასოვანი ნაწილი და რომელიც თითოეული მოქალაქისთვის მოიტანს კეთილდღეობას.
„ჩვენ არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ. ჩვენმა ხელისუფლებამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისა და მდგრადი სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბების საქმეში. გაღრმავდა და უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზეა ჩვენი თანამშრომლობა ნატოსთან და ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან- ამერიკასთან. 2024 წელს კი საქართველო გააკეთებს განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე, რითაც მნიშვნელოვან ნაბიჯს გადავდგამთ ჩვენი წინაპრების ევროპული ოცნების განსახორციელებლად. ჩვენ ვქმნით უკეთეს პირობებს ჩვენი ხალხის კეთილდღეობისათვის. ვდგამთ მნიშვნელოვან ნაბიჯებს გლობალური კორონავირუსის პანდემიის დასაძლევად და ეკონომიკური აღორძინებისათვის ახალი მუხტის მისაცემად. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ღირებულებებზე დაფუძნებით, გავაგრძელებთ ერთიანი და ძლიერი ქვეყნის მშენებლობას, რომელიც იქნება ევროპული და ევროატლანტიკური სივრცის სრულფასოვანი ნაწილი და რომელიც თითოეული მოქალაქისთვის მოიტანს კეთილდღეობას. კიდევ გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს. დიდი მადლობა. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერმა თავის გამოსვლაში გენერალ გიორგი კვინიტაძეზეც ისაუბრა.
„100 წლის წინ, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელიც მიისწრაფვოდა დასავლური ღირებულებებზე დაფუძნებული, ევროპული სახელმწიფოს შექმნისკენ, წითელმა ოკუპაციამ შეაფერხა. მიუხედავად ამისა, ოკუპაციამ უფრო მეტად გააძლიერა ქართველი ერის სურვილი, შეექმნა დამოუკიდებელი და ძლიერი სახელმწიფო და გამხდარიყო დასავლური სამყაროს ნაწილი. დიდი ქართველი გენერლის, საქართველოს თავისუფლებისათვის და ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლი მთავარი სიმბოლოს, გიორგი კვინიტაძის საქართველოში გადმოსვენება გამოხატავს ჩვენს მისწრაფებას, კიდევ უფრო უკვდავყოთ საქართველოს თავისუფლების იდეა. 30 წლის წინ, ჩვენი წინაპრების მემკვიდრეობისა და წარსულის გააზრებით, საქართველომ დაიწყო თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობა“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას.
„ჩვენი ექიმები, ჩვენი გმირი პოლიციელები, ჩვენი გმირი სამხედროები, მასწავლებლები, ყველა ვინც ერთგულად და პროფესიულად ემსახურება და აძლიერებს ჩვენს ქვეყანას, საფუძველს უყრის მის უკეთეს ხვალინდელ დღეს. განსაკუთრებულია მათი თავდადება ჩვენი ქვეყნის წინაშე“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.